მანანა კობახიძის თქმით, პარლამენტი ელოდება, როდის მომართავს პრეზიდენტი შესაბამისი განცხადებით, რომლის შემდეგ საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ მთავრობის ახალ შემადგენლობას:
“პარლამენტი არ ისარგებლებს შვიდდღიანი ვადით, რადგან მნიშვნელოვანია შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. მე ვფიქრობ, რომ შაბათს ჩვენ გვექნება საგანგებო შეკრება იმისათვის, რომ განვიხილოთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.”
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივლისს 6 მინისტრის კანდიდატურა წარადგინა.
სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ დანელია დასახელდა, იგი ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე იყო. სასჯელაღსრულების მინისტრად – გიორგი მღებრიშვილი. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა, პრემიერის განცხადებით მღებრიშვილი შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. მინისტრად წარდგენამდე იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი. ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე პრემიერმა დავით შავლიაშვილი წარადგინა, შავლიაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა, ამ დრომდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი – გელა დუმბაძე, იგი განათლებით ფილოლოგია, მან ასევე დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად წარდგენილია სოზარ სუბარი – სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი. გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე კი – ელგუჯა ხოკრიშვილი, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი.
დღეს, 23 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ისტერნ პრომოუშენის” გენერალური მენეჯერის, მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარმოადგინა.
