აშშ–ის ელჩის კომენტარს ტელეკომაპანია “რუსთავი2” ავრცელებს:
“ჩვენი ყურადღება მიპყრობილია პროცესისა და პრინციპების და არა – კონკრეტული ინდივიდების მიმართ. მნიშვნელოვანია ბრალის დამტკიცებამდე უდანაშაულობის პრეზუმფციის უზრუნველყოფა. ვიმედოვნებთ, რომ უმაღლესი სტანდარტებით მოხდება სამართლებრივი პროცესების წარმოება. სასამართლოს განხილვა ჯერ არ მომხდარა. ველით, რომ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტები იქნება დაცული” – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2014 წლის 4 ივლისს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ უგულავა 3 ივლისს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც .დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. უგულავას ბრალად ედება უკანონო თანხების ლეგალიზება, ასევე, მისი ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა ბრალდებულად სცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებით საქმეის მასალები მათ უკვე გადაეცათ.

