ამის შესახებ კალაძემ კომენტარი დღეს, სასტუმრო “რედისონში” დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:
“ის, რაც ნარმანიას დედასთან დაკავშირებით ითქვა, არ არის სწორი. ქალბატონი ნორა კონკრეტულ ქალბატონს ესაუბრება სრულიად სხვა რამეზე. ამიტომ არ მინდა “ნაციონალური მოძრაობის” სისულელეებსა და ბოდვებზე კომენტარი გავაკეთო”.
კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახა კალაძის განცახდებით, “ნაციონალური მოძრაობა” სავალალო მდგომარეობაში იმყოფება:
“ვიცი მათი მდგომარეობა, ისინი სავალალო დღეში არიან, რაც ადგილობრივმა არჩევნებმაც აჩვენა – მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ საკრებულოებში მხოლოდ 64 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანეს. 44 ოლქში “ნაციონალურ მოძრაობას” საერთოდ არ ეყოლება მაჟორიტარი დეპუტატი”.
კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ცეკოს ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები შესაძლოა 12 ივლისს გაიმართოს და აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, “ქართული ოცნება” იმას დაემორჩილება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი იყო თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა, რომელიც ამომრჩეველს მისთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვას აიძულებდა.
