რას ფიქრობენ ამომრჩევლები

 

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის პირდაპირ ყველაზე დიდი ჩაიხანა მდებარეობს, სადაც ადგილობრივი, ეთნიკური აზერბაიჯანელი მამაკაცები სხედან, საუბრობენ. დღევანდელი განხილვის თემა 2 დღის წინ გამართული არჩევნების შედეგებია. როგორც ირკვევა, ყველა მათგანი მთავარი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია და დღესდღეობით არსებული შედეგს “ქართული ოცნების” კანდიდატის გამარჯვების შესახებ, საეჭვოდ და გაყალბებულად მიიჩნევენ.

 

“ინტერნეტით ნახავდით, როგორც აყალბებდენ ხმებს. ეს მხოლოდ ერთი ვიდეო იყო, სხვებიც გამოჩნდება ალბათ,”– ამბობს მამედ თალიბოვი.

 

მისი თქმით, ადგილობრივები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების გამოცხადებას ელიან და არასასურველი რეზულტატის შემთხვევაში დანებებას არ აპირებენ. კონკრეტულად, რა ზომებს მიიღებენ ხმების დასაცავად, თალიბოვი არ აკონკრეტებს: “ჯერ შედეგებს ველოდებით.”

 

ნურადინი მარნეულში ტაქსის მძღოლად მუშაობს. ამბობს, რომ მარნეულში ტრადიციულად, საბოლოდ ყოველთვის მმართველი პარტია იმარჯვებს, თუმცა, არ მალავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი კუმირია. 

 

“ასეთი პრეზიდენტი ჯერ არასდროს გვყოლია და არც იქნება არსად, ზუსტად ვიცი. მთელი აზერბაიჯანი იმას ამბობს, რომ ერთი წელი მაინც გვყავდეს სააკაშვილი პრეზიდენტადო. მან დემოკრატია გააკეთა,”- ამბობს ნურადინი.

 

“ნაციონალური მოძრაობის” სათაო ოფისიდან დაახლოებით, 50–მდე მეტრში, საოლქო კომისიის გვერდით, “ქართული ოცნების” ოფისი და მისი კანდიდატის მერაბ თოფჩიშვილის მხარდამჭერთა დარბაზი მდებარეობს. მხარდამჭერები აქაც არიან. ერთ–ერთი მათგანის, თამარ ნავერიანის განმარტებით, თუკი რაიმე ტიპის გაყალბებას ჰქონდა ადგილი არჩევნების დღეს, ამაში მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” ხელი ურევია. 

 

“პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ტელევიზიიდან ვიცი და ადგილობრივებიც ამბობენ, რომ ეს კაცი არის “ნაციონალი”, თან ისე “ნაციონალი” კი არა, – აი, მწარე “ნაციონალი”. ამას “ქართული ოცნება” არ გააკეთებდა,”- ამბობს თამარ ნავერიანი. 

 

არჩევნების გაყალბება მარნეულის ორ საარჩევნო უბანში  


მარნეულის საარჩევნო ოლქის ორი უბნის, 57-ე და 25-ე უბნის შედეგები “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ვიდეომასალების შემდეგ გაუქმდა.

 

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ “გუშინ, გვიან ღამე საოლქო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა 25-ე და 57-ე უბნების შედეგები გავრცელებული კადრების ნახვის საფუძველზე. 

 

აღნიშნულ კადრებში ჩანს, რომ 57–ე საარჩევნო უბანზე, პირი ბიულეტენებს კონვერტში ათავსებს და საარჩევნო ყუთში ყრის. მმართველი და ოპოზიციური პარტიის – “ნაცმოძრაობის” წევრები ამ ფაქტში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

 

რას ამბობს 57–ე უბნის კომისიის თავმჯდომარე


მარნეულის 57-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, მამედ პირიევი ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ არ იცის, რა დროს ჩაყარეს ყუთში ბიულეტენები: “ალბათ მაშინ, როდესაც მე გასული ვიყავი შენობიდან.”

 

კითხვაზე, იცნობს თუ არა იმ პიროვნებას, ვინც გაყალბების ფაქტში უშუალოდ მონაწილეობდა, პირიევი აცხადებს: 

 

“ნაზიმ ალიევია, ძალიან დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, ბაქოში ცხოვრობს. ზუსტად ვიცი, რომ 41 ნომრის მხარდამჭერია. უბანში რა უნდოდა, არ ვიცი.” 

 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, “ქართული ოცნების”კანდიდატს მერაბ თოფჩიშვილს ხმების 51.81% აქვს, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს – აკმამედ იმამკულიევს 31.74%.

 

იქამდე, სანამ 25-ე და 57-ე უბნების შედეგები გაუქმებოდა მმართველი პარტიის კანდიდატს 52.48 % ჰქონდა.

 

მარნეულის საოლქო კომისიაში ამ დროისთვის ათეულობით საჩივარია, რომელიც კომისიამ უნდა განიხილოს. იმ შემთხვევაში თუ კომისიამ კიდევ რომელიმე უბნის შედეგი გააუქმა, მოახდენს თუ არა გავლენას საერთო სურათზე, პასუხი არც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი შარაბიძეს აქვს, რომელიც დღეს ასევე იმყოფებოდა მარნეულში საოლქო კომისიის სხდომაზე. 

 

“დაველოდოთ საბოლოო შედეგებს,”- ამბობს შარაბიძე. 


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *