წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეობის საკითხების ახლებური რეგლამენტაცია არსებული გამოწვევებისა და პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე, “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანულ კანონში “მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ” გაეროს 1961 წლის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ” გადაწყვეტილების მიღება.
კანონპროექტის თანახმად, გაფართოებულია მოქალაქეობის მინიჭების ცნება და ის წარმოადგენს ნატურალიზაციის განხორციელების ფორმას. ნატურალიზაციის სახეებად მიჩნეულია:მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით, მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებული წესით, მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით, მოქალაქეობის მინიჭება აღდგენის წესით.
ამჟამად მოქმედი ორგანული კანონისგან განსხვავებით, კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მთლიანად პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროში ექცევა, რის გამოც არ საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას პრეზიდენტის არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მოქალაქეობის მიღებას, ან შეწყვეტას. კონტრასიგნაცია გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ–მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აქტი ძალაში არ შევა.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქედ ითვლება ბავშვი, რომლის დაბადების მომენტისთვის მისი ერთ-ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე. ასეთი შემთხვევებისთვის უქმდება მშობლის საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების მუდმივად ცხოვრების პირობას.
გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციით დაბადებული ბავშვი, რომლის გენეტიკური მშობლების მოქალაქეობის სახელმწიფოები მას არ მიიჩნევს საკუთარ მოქალაქედ, დაბადებით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას.
სრულწლოვანი პირის მოქალაქედ მიღების პირობები უცვლელი დარჩა, ესენია: საქართველოს ტერიტორიაზე 5-წლიანი ცხოვრება, სახელმწიფო ენის და სამართლის საფუძვლების ცოდნა და სამუშაო ადგილის, ან საწარმოში წილების ფლობა. თუმცა ტესტირებისგან თავისუფლდებიან ქმედუუნარო პირები და ის პირები, რომელთა ფიზიკური ნაკლის გამო შეუძლებელია ენის და ისტორიის ცოდნის დონის შემოწმება. ხოლო ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი თავისუფლდება სამუშაო ადგილის, ან საწარმოში წილის ფლობის ვალდებულებისგან.

