“ბატონო შალვა, თქვენ ახსენეთ, რომ არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ამ კანონპროექტით არ იყო საჭირო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება. ცნობილია, თუ არა თქვენთვის ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლი არის მატერიალური შემადგენლობა, ანუ თავისთავად დისკრიმინაციული ქმედების ჩადება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირი მიეცეს პასუხისგებაში, არამედ საჭიროა არსებითი ხასიათის ზიანის დადგენა.

 

ის, პროექტი, რომელიც თქვენი ინიცირებით შემოვიდა პარლამენტში, ასევე ზიანის დადგენის აუცილებლობას ითვალისწინებს, რომ პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყოს მიცემული. რა ვუყოთ იმ შემთხვევებს, როდესაც ასეთი ზიანი არ დგება, თუმცა ადამიანი ახორციელებს დისკრიმინაციულ ქმედებას? ამისთვის საჭირო ხომ არ იქნება, რომ ასეთ ადამიანს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს? შეიძლება, როგორც თქვენ უწოდებთ, ქვითრების ამომწერი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება არ იყოს საჭირო და შესაძლოა ეს ომბუდსმენმა გააკეთოს, ან ადმინისტრაციულ-საპროცესო კდოექსის 173-ე მუხლის 4 პრიმა ითვალისწინებს იმას, რომ ომბუდსმენმა შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი, თუ კონკრეტული ორგანო არ ასრულებს მის კანონიერ მოთხოვნას და საბოლოო ჯარიმა დააკისროს სასამართლომ. რატომ არის თვენთვის ასე მიუღებელი ჯარიმის კომპონენტი, მაშინ როდესაც ის შეიძლება იყოს ეფექტური მექანიზმი,”- ამ კითხვებით გიორგი გოცირიძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა მთავრობის საპარლამენტო მდივანს, შალვა თადუმაძეს მიმართა. 

 

შალვა თადუმაძემ გიორგი გოცირიძეს საპასუხო კითხვით მიმართა:

 

“მე ძალიან მაინტერესებს შემთხვევა, როცა ჯარიმა ძალიან იქნება ეფექტური. ითქვა აქ, რომ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ ქუჩაში და პროცედურა მაინტერესებს., რა პროცედურა უნდა იყოს?  გავედი ქუჩაში, დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა ჩემზე, რა უნდა მოხდეს? ადამიანს შეუძლია ზიანის ასანაზღაურებლად მიმართოს სასამართლოს. კვეთა არ უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, ვთქვათ, იმიტომ რომ სასამართლო არ მუშაობს, ინსპექტორი შევქმნათ, ან იმიტომ რომ გამოძიება გაჭიანურებულია, მოდი ომბუდსმენმა გამოითხოვოს ინფრომაცია, ასეთი მიდგომა ამ კანონპროექტთან არაფერ შუაშია და პრინციპს ვერ დავეთანხმებით. “

 

კითხვები თადუმაძეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამაც დაუსვა. ბაღათურია დაინტერესდა, სექსუალური უმცირესობა, ამ ტიპის სექსუალური ქცევა ამ კანონით ნორმად თუ  მკვიდრდება და განსხვავება ის თუ არის, რომ რაოდენობრივად უფრო ცოტანი არიან, როგორც ეთნიკური უმცირესობა, რაზეც თადუმაძემ განაცხადა:

 

“კონსტიტუციამ ეს ნორმად აქცია 1994 წელს, შესაბამისად ახალი სამართლებრივი ნორმა იმის შემდეგ არ შექმნილა. არცერთი ნორმატიული მასალა არ არსებობს, რომლის თანახმად იკრძალება თავდაცვის, საგანმანათლებლო, ან შს სამინისტროს ორგანოებში სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანის სამსახურიდან გაშვება, ან სამსახურში მიღება. “

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *