როგორც განხივლის დასაწყისში მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, წარმოდგენილი კანონპროექტი არ ქმნის ახალ მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებს და სრულიად ეყრდნობა კონსტიტუციურ დებულებებს:
“კანონპრეოქტში განსაზღვრულია დისკრიმინაციის მიღებული ფორმები, რომლებიც არსებობს თანამედროვე მსოფლიოში. დაფიქსირებულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომელიც ქმედების იდენტიფიკაციას და გამოვლენას აადვილებს. კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციის როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში განხორციელებას. ამ ქმედებებზე მონიტორინგის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სახალხო დამცველს, რომლის მოქმედების არეალი ფართოვდება.”
საკომიტეტო მოსმენას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი დაინტერესდა, თუ რა კონსულტაციები დაედო საფუძვლად და რატომ ამოიღო მთავრობამ კანონპროექტიდან სპეციალური თანამდებობის შემოღება, რომელსაც მოქალაქეების დაჯარიმება შეეძლებოდა:
“არსებობს დასაბუთებული შიში, რომ კანონი სრულყოფილად არ იმოქმედებს, არ იქნება დაცული უმცირესობების უფლებები. თქვენ თქვით, რომ კანონპროექტი არ ქმნის ახალ სამართლებრივ ნორმებს, მატერიალურ შინაარსებს და თუკი არაფერს არ ქმნის, საერთოდ რატომ ვიღებთ ამ კანონს? თუ სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება, რომ უმცირესობების უფლებები რეალურად იქნება დაცული და თუკი მთავრობა არაფერი ახლის შემოთავაზებას აპირებს, საერთოდ რატომ ვმსჯელობთ? რატომ არის ეს კანონპროექტი გამოშიგნული ყველა იმ ეფექტური მექანიზმისგან, რომელიც რეალობაში შესაძლებელს გახდიდა დეკლარაციული ნორმების ამოქმედებას?”
აღნიშნული კითხვების საპასუხოდ შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ აღსრულების ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება ეფექტური არ იქნებოდა:
“მე უფლებამოსილი ვარ ვისაუბრო წარმოდგენილ კანონპროექტზე და არ მაქვს ვალდებუელბა აქამდე წარმოდგენილ კანონპროექტზე ვისაუბრო, მაგრამ მე შემიძლია გიპასუხოთ. აღსრულების მექანიზმი რომ არსებობდეს, ინსპექტორი, რომელიც ჯარიმების გამოწერით იქნებოდა დაკავებული, არ იქნებოდა ეფექტური, გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს სასჯელს ყველა იმ ქმედებისთვის, რომელიც დისკრიმინაციასთან შეიძლება იყოს კავშირში. ასევე, გარკვეულ გაუგებრობებს გამოიწვევდა აღსრულების ინსპექტორის მიერ დაჯარიმებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ქმედებების განხორციელების შორის სად გაივლებოდა მკვეთრი ხაზი. აღსრულების ინსპექტორი ვერ იქნებოდა იმ ლეგიტიმაციის და იმ პოლიტიკური ტრიბუნის მფლობელი, რაც სახალხო დამცველს გააჩნია. ის იქნებოდა ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პირი, ორგანოც შეიძლება ითქვას, რომელიც დაკავებული იქნებოდა მხოლოდ ჯარიმების ქვითრების გამოწვევით. მას არ ექნებოდა უფლებამოსილება წარდგენილიყო პარლამეტნის წინაშე, მას არ ექნებოდა უფლებამოსილება სავალდებულო ხასიათის საკანონმდებლო ინიციატივები წარედგინა პარლამეტნისთვის, მას არ ექნებოდა უფლება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.”
