“დიდი მწუხარებით ვაცხადებ, რომ ჩემი ქორწინება ანა ბაგრატიონთან დასრულებულია. მე მას მადლობას ვუხდი მშვენიერი ვაჟისათვის გიორგი ბაგრატიონისათვის, რომელიც მისი ნათლობის დროს ილია მეორემ ბაგრატიონების დინასტიის მემკვიდრედ აღიარა. იგი მისი მამის, პაპის და წინაპრების მსგავსად მუხრანის უფლისწულის ტიტულს ატარებს”, – აცხადებს დავით ბაგრატიონი.
დავით ბაგრატიონმა და ანა ბაგრატიონ–გრუზინსკიმ სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი 2009 წლის 8 თებერვალს დაიწერეს. 2011 წლისს 27 სექტემბერს მათ შვილი გიორგი ბაგრატიონი შეეძინათ. იგი ამა წლის 3 ნოემბერს სვეტიცხოველში ქრისტიანული წესით მონათლეს. მას 4 ნათლია ჰყავს, რომელთაგან ერთის, ბიზნესმენ ლევან ვასაძის თქმით, ამ ნათლობით კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას ჩაეყარა საფუძველი:
“ეს არის ისტორიული დღე, ჩვენი გული სავსეა სიხარულით, ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა ზეიმობს ჯერ თავის სახელმწიფოებრიობის აღდგენას, მერე ავტოკეფალიის აღდგენას და ახლა უკვე საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას, როგორც გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ. ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო აქ დღეს, ვიყო ბატონიშვილი გიორგის ნათლია”,– აღიშნა ვასაძემ.
ილია მეორემ, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, ბაგრატიონების შთამომავლის ნათლობას ისტორიული აქტი უწოდა. შეგახსენებთ, რომ 2007 წლის ოქტომბერში საქართველოს პატრიარქი ილია მეორე კონსტიტუციური მონარქიის შემოღების ინიციატივით გამოვიდა:
”ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს, მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა. 1801 წელს შეწყდა სამეფო ბაგრატიონთა და იმის შემდეგ ოცნება იყო ქართველი ხალხისა, რომ აღგვედგინა უძველესი დინასტია. დღეს ისეთი პირობებია, როცა ქართველი ხალხის ეს ოცნება შეიძლება განხორციელდეს,”- განაცხადა პატრიარქმა.

