“„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს და მე გვქონდა საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილი ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, აღშფოთებულია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ, როგორც ჩანს, ავთნდილ ბერიძე ვერ აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრეს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და იმ ხელმძღვანელ პირებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ხალხზე და არა საკუთარ კომფორტზე ზრუნვა. ჩვენ ვიზიარებთ საზოგადოების გულისწყრომას და ამავდროულად განვმარტავთ, რომ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერი საშუალებით, რომელიც უფლებმოსილებისა და მოვალეობის ეფექტური შესრულებისთვის არის საჭირო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს გონივრულ ფარგლებში და იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც არის ამავე დროს “ქართული ოცნების” წევრი, როგორც ჩანს, ვერ ათვითცნობიერებს პასუხისმგებლობას საკუთარი პოლიტიკური ძალის და, რაც მთავარია, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, რაც იწვევს საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას. ის თავად უნდა ხვდებოდეს ამას და თავს იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოგადოების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის. პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ავთანდილ ბერიძის საკითხს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო უახლოს სხდომაზე განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – აცხადებს ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე.

 

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთი ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენას გეგმავს, ამის თაობაზე შესყიდვების სამსახურმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, უმაღლესი საბჭოს ავტოპარკინგს 2013 წელს გამოშვებული ჯიპი შეემატება, რომელშიც უმაღლესი საბჭო მაქსიმუმ 83 300 ლარს გადაიხდის. 

 

წინასწარ გაწერილი მოთხოვნების მიხედვით, 2013 წელში გამოშვებული ავტომანქანა აღჭურვილი უნდა იყოს ორმაგი უსაფრთხოების, ასევე მუხლისა და გვერდითი ბალიშებით, გარე განათების კონტროლის მექანიზმით, ელექტრომართვის სარკეებითა და წინა და უკანა პარკინგის სენსორით. მანქანას უნდა გააჩნდეს ხედვის კამერა, უკანა სვლის მონიტორი, ორმაგი ავტოკონდიციონერი, წინა და უკანა სანისლე ფარები, ტყავის ინტეგრირებული საჭე, ტელეფონის ბლუთუზსისტემა და მაცივარი. ფერი შეთანხმების საგანია.  შესაბამისი პირობების გათვალისწინებით წინადადებები უმაღლეს საბჭოს მიმწოდებლებმა 12 დეკემბრამდე უნდა წარუდგინონ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *