ამის შესახებ საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ დღეს, 11 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მთავარი პროკურატორის გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, მადონა ღიბრაძეც ესწრებოდა:

“საიას მომართა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის რამდნეიმე პირმა, რომლებიც დაკავებული თანამდებობიდან მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძის დანიშვნის შემდეგ გათავისუფლდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვეს. ამ მოთხოვნას ძირითადად მთავარი პროკურორის ახალი მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი აჟღერებდა, თუმცა, როგორც მომმართველები აღნიშნავენ, არც ერთ მათგანს არ განუმარტავდნენ, თუ რა იყო მსგავსი მოთხოვნის მიზეზი.

 

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძირითადად ათავსიუფლებენ იმ პირებს, ვინც ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის დროს დაინიშნენ თანამდებობებზე. ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ მთავარი პროკურორის ყველა მოადგილეს, არამედ სხვა თანამდებობის პირებსაც. მაგალითადმ მადონა ღიბრაძე გენერალური ინსპექციის უფროსი, ლევან გზირიშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ხათუნა კალანდაძე – საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ეკატერინე ებანოიძე – საფინანსო სამმართველოს უფროსი, კახა წერეთელი – შსს- ს ტერიტორიულ ორგანოებზე საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი და ა.შ. მოწოდებული ინფორმაციით, ცვლილებები ქვედა რგოლებშიც აქტიურად ხორციელდება. აღსანისნავია ერთ–ერთი სამმართველოს უფროსის ლევან ბუაძის შემთხვევა. ჩვენი ინფორმაციით, მას ასევე მოსთხოვეს განცხადების დაწერა, რაზეც უარი განაცხადა. დაძაბულ საუბარს მოჰყვა მისი ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესება, რის შემდეგაც პროკურატურაში გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ პრესკონფერენციაზე.

 

მადონა ღიბრაძე ამბობს, რომ იგი 1999–2005 წლებში სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ეს პოსტი დატოვა, საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, ხოლო 2012 წელს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილისაგან შეთავაზება მიიღო და პროკურატურის უწყებაში დაიწყო მუშაობა, ჯერ რიგით პროკურორად, ხოლო 2013 წლის აგვისტოს თვიდან- გენინსპექციის უფროსად. ღიბრაძის მტკიცებით, კბილაშვილის წასვლის შემდეგ, ჯამში, დაახლოებით 30–მდე თანამშრომელს მოსთხოვეს პოსტის დატოვება. უშუალოდ მის საქმეს რაც შეეხება, ამბობს, რომ გაბიტაშვილს ზეწოლა არ მოუხდენია, რადგან ამას ვერც გაუბედავდა და არც თვითონ გააბედინებდა:

 

“22 ნოემბერს დამიბარა ბატონმა გიორგი გაბიტაშვილმა და მითხრა, რომ თანამდებობდა უნდა დამეტოვებინება. მიზეზი იყო, რომ ჩვენ მოვდივართ ახალი გუნდით. მე ვისი გუნდის წევრი ვარ მაშინ? არც კბილაშვილზე ვარ მიბმული და არც ფარცხალაძეზე, მე ვარ საქართველოს მოქალაე, მივიღე შემოთავაზება და დავინიშნე. ძალიან ცუდია, როცა საჯარო სამსახურში ვიღაცას ვიღაცაზე მიაბამენ და მერე მიყვება ხოლმე ეს ჯაჭვური რეაქციასავით და საჯარო მოხელეები თავისუფლებიან”,  – აცხადებს ღირბაძე

 

კახა კოჟორიძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით საიასთვის განცხადებით არ მიუმართავთ კბილაშვილის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილსა და თბილისის პროკურორ მაია მწარიაშვილს, შესაბამისად, მისთვის უცნობია, ზემოხსენებული მათაც ხომ არ შეეხოთ.

კოჟორიძის თქმით, ცხადია, რომ საკადრო ცვლილებები პროკურატურაში, ისევე როგორც სხვა უწყებაში, შესაძლებელია განხორციელდეს. თუმცა ეს მხოლოდ კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს.

“მართალია, ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნას, თუმცა ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ პირადი განცხადება უნდა დაიწეროს მუშაკის საკუთარი ნამდვილი ნების და არა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის კატეგორიული მოთხოვნების შემდეგ. ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის 35-ე მუხლის თანახმად, ,,პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ სამიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა”.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის რეალობა, რომ ასობით მოქალაქეს შეტანილი აქვს პროკურორების წინააღმდეგ საჩივრები, სადაც აღწერილია ის სავარაუდო კანონდარღვევები, რასაც პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან წინა წლებში ადგილი ჰქონდა.

“ვფიქრობთ, აუცილებელია აღნიშნულ საჩივართა გულდასმით შესწავლა და თუ დადასტურდა სამართალდარღვევის ნიშნები, ცხადია, შესაძლებელია არ თუ თანამდებობიდან გათავისუფლება, არამედ, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც. თუმცა, როგორც აღინიშნა, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძირითადად თავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც თანამდებობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნენ და ვის მიმართაც, მაღალი ალბათობით, მსგავსი საჩივრები დაწერილი არ არის. ჩვენ მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ- მინისტრს, როგორც მთავარი პროკურორის შერჩევასა და დანიშვნაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, დაინტერესდნენ პროკურატურაში განვითარებული მოვლენებით”, – ამბობს კოჟორიძე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *