ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 11 დეკემბერს გაიმართა, ასევე, აღნიშნულია, რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამინისტროების უმრავლესობას არ აქვს გააზრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციისათვის გასატარებელი ღონისძიებები; არც ერთ სამინისტროს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები კანონის იმპლემენტაციისათვის; არ არსებობს კანონის იმპლემენტაციის კონკრეტული ხედვები და გეგმები; არ არსებობს წინაპირობები და მტკიცებულებები ვარაუდისთვის, რომ მონიტორინგის პერიოდისთვის საქართველოს სამინისტროებში არსებობს მკაფიო ნება და სერიოზული განზრახვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხის მოწესრიგებისთვის.
ზემოხსენებული კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია “ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა” (IRC) ჩაატარა, რომლის ექსპერტი გიორგი გაბრიელაშვილი “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ მონიტორინგის წარმოების პროცესში მათ აპრილის თვიდან მოყოლებული 16 სამინისტროს გაუგზავნეს წერილი თანდართული კითხვარებით და ზემოხსენებულ საკითხზე უწყებებში არსებული მდგომარეობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, საბოლოო დასკვნები კი მიღებული პასუხების, ასევე, სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გააკეთეს. ანგარიშის მიხედვით, IRC–ის წერილობით პასუხი არ მიუღია ორი უწყებიდან – განათლების და იუსტიცის სამინისტროებიდან, თუმცა იუსტიციის უწყების წარმომადგენელთან შეხვედრა შეძლეს.
“თითოეული მოქალაქე ცალკეულ სამინისტროებთან ურთიერთობისას სხვადასხვა სახის პერსონალურ მონაცემს ტოვებს. სწორედ ამ მონაცემების დაცვაზეა საუბარი”, – აცხადებს ექსპერტი. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემების დაცვის სისტემური ხედვა არ არსებობს, აზრიც არ აქვს პრობლემის კონკრეტულ საქმეებად განხილვას. თუმცა, მისივე თქმით, გამომდინარე იმ სურათიდან, რაც სამინისტროებში არსებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, ადვილი წარმოსადგენია, რომ ნებისმიერ უწყებაში დაინტერესებულ თანამშრომელს თავისუფლად შეუძლია რომელიმე მოქალაქის მონაცემების გარეთ გატანა ისე, რომ ამ პროცესის კვალიც კი არ დარჩეს.
მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორია.

“მიუხედავად იმისა, რომ კანონი 2011 წელს შევიდა ძალაში, ინსპექტორის დანიშვნამდე გარკვეული შეფერხებები არსებობდა. სწორედ ამან განაპირობა გარკვეული პრობლემები, რაც შეიძლება, რომ ამ ანგარიშის მიერ იქნას გამოვლენილი. პრობლემები პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით სხვადასხვა დონეზე, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში, ბუნებრივია, არსებობს. ეს უკავშირდება მონაცემთა დამუშავების საფუძვლების არარსებობასაც. პროპორციულობა არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა მონაცემების სხადასხვა დამმუშავებლებთან. ბუნებრივია, პირველი პრიორიტეტი არის საჯარო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, აქტიურ კონსულტაციას ვაწარმოებთ კერძო სექტორთანაც”, – აცხადებს თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარკვეულ საქნციებს ითვალისწინებს, მათ შორის სხვადასხვა ოდენობის ფულად ჯარიმებს, რომელიც, გაბრიელაშვილის განმარტებით, უწყებებს ეკისრებათ და შემდეგ ისინი შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის ხარისხს განსაზღვრავენ, თუმცა, როგორც ირკვევა, ჯერ არც ერთი უწყება არ დაჯარიმებულა:
“ჯარიმა, როგორც ასეთი, არ გამოგვიყენებია, თუმცა ჩვენ უკვე ჩავატარეთ 2 ინსპექტირება. ერთის შედეგად მონაცემები იქნა განადგურებული და ამ შემთხვევაში შსს–ს არ ვგულისხმობ, ბევრ სამინისტროზეა ლაპარაკი… საუბარია იმ მონაცემებზე, რომელიც იქ არ უნდა ყოფილიყო. ჩვენი მიმართვის საფუძველზე თვითონ სამინისტროებმა გაანადგურეს ეს მონაცემები. მეორე საკითხი ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც ვიდეოთვალთვალის თემა იყო… მათი დაჯარიმება არ მომხდარა, მაგრამ ჩვენ მივეცით 3–გვერდიანი რეკომენდაცია. იქ ძალიან დეტალური რეკომენდაციებია, რა არის გამოსასწორებელი, რა შესაცვლელი და თებერვალში ველოებით მათი მხრიდან ანგარიშს, ჩვენი რეკომენდაციები და რჩევები იქნა თუ არა გაზიარებული”, – აცხადებს თამარ ქალდანი და დასძენს, რომ თუ სასჯელაღსრულების სამინისტრო ამას არ გააკეთებს, ჩატარდება ინსპექტირება და შესაბამისი ზომების მიღება მოხდება.
ნეტგაზეთის კითხვას, რატომ არ ხდება სანქციების სახით ჯარიმების გამოყენება, მაშინც, როცა მოცემული ანგარიში სამინისტროებში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე მიანიშნებს, ქალდანი ასე პასუხობს:
“თუ ჯარიმა არის მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება, ამის გამოყენება, ბუნებრივია, არ წარმოადგენს პრობლემას. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ სხვა მიმართულებით მუშაობა უფრო საჭიროა და უფრო რთულიცაა. არსებობს პრობლემები, რომელთაც ჯარიმით უბრალოდ ვერ მოაგვარებ იმიტომ, რომ უფრო მნიშვნელოვანია იმუშაო ინსტიტუციასთან ერთად ან აიძულო ის, რომ იმუშაოს სისტემის გამართვაზე, თუ სისტემა არ არის აწყობილი… ჩემი მიდგომა არ არის ის, რომ რაც მეტს დავაჯარიმებთ, უფრო უკეთესია, ჩვენი ამბიციაა, რომ მოგვარდეს პრობლემა და ამისთვის, რაც საჭიროა ჩვენი მხრიდან – მზად ვართ”.
არასამთავრობო ორგანიზაცია IRC კი, რომელმაც კვლევა ევროკავშირის მხარდაჭერით ჩაატარა, სამინისტროებს 5 რეკომენდაციით მიმართავს:
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი რესურსების იდენტიფიცირება;
2. სამინისტროებში დამუშავების პროცესში არსებული მონაცემების აღრიცხვა, დამუშავების მიზნებისა და სამართლებრივი საფუძვლების იდენტიფიცირება;
3. სამინისტროების სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურებისა და პირების განსაზღვრა;
4. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესთან დაკავშირებული პერსონალის ტრეინინგი – ტრეინიგის პროგრამების შემუშავება და დანერგვა;
5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტისა და ცალკეული პროცესებისა და ქვედანაყოფებისთვის სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავება.
