როგორც ნეტგაზეთს ენერგო პრო ჯორჯიას პრესსამსახურში განუცხადეს, ყველა ის აბონენტი, რომელსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება, დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს.

 

“უამინდობა გვიშლის ხელს. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილამდე ვერ მივდივართ და ამიტომ არის, რომ დღემდე არ არის აღდგენილი. დღის განმავლობაში თუ ამინდმა არ შეგვიშლა ხელი, რაიონული ცენტრების დატვირთვა მაინც დაიწყება ეტაპობრივად. ნელ–ნელა მთელ საქართველოში”, – აცხადბენ კომპანიის პრესსამსახურში.

 

ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება მთელ ბათუმს. ენერგო პრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ იქ დაზიანებულია ორი მაღალი ძაბვის ანძა: პალიასტომი 1 და პალიასტომი 2, რომლებიც სახელმწიფო ელექტროსისტემის მფლობელობაშია და კომპანია დიდწილად დმაოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება მათი შეკეთება.

 

სახელმწიფო ელექტროსისტემაში კი ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ჯერაც უცნობია, როდის მოხდება მათი შეკეთება.

 

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძენ მთელი ღამის განმავლობაში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ხეყრუში იმყოფობოდა და ელექტროგადამცემ ხაზზე პალიასტომი 2″ მიმდინარე აღდგენითი სამუშაოებს ადგილზე აკვირდებოდა. ენერგეტიკის უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ხლმძღვანელი სულხან ზუმბურიძე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი აჩილ ხაბაძე და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ვალერი თელია. მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და ელექტროგადამცემ ხაზის რეაბილიტაციის გარდა, ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოებიც მიმდინარეობდა. ელექტროგადამცხემ ხაზზე აღდგენითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

 

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გამოდარებულია და ნალექი არსად ფიქსირდება:

“მაგრამ დღის მეორე ნახევრიდან  დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ განახლდება თოვა. ეს გაგრძელდება ღამის საათებშიც. ზოგან შესაძლებელია იყოს ძლიერი თოვა.

 

აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში- ახალციხიდან გორამდეა საუბარი- დღის ბოლოს ისევ განახლდება თოვა. ეს პროცესი გაგრძელდება და ხვალაც შენარჩუნდება. რაც შეეხება თბილისს, ისეთი პროგნოზი არ გვაქვს, რომ 100%–ით თოვლი მოვა დღეს. შესაძლებელია მცირე ნალექი იყოს თბილისის მთიან რაიონებში, გლდანში ან ნუცუბუძიძეზე.

 

ყინვები დარჩება, მაგრამ შერბილდება, ანუ ისეთი ძლიერი არ იქნება”, – ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსი დოდო გვაზავა.

 

მისივე თქმით, 12 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია თოვლი. 13 დეკემბერს ნალექის ინტენსივობა შემცირდება და 15 დეკემბერს შეიძლება კვლავ მოვიდეს თოვლი.

“არაფერი ისეთი საშინელი არ არის. ალაგ–ალაგ ინტენსიური თოვა იყო. არაფერი უჩვეულო არ არის, ჩვეულრბივი დეკემბერია”.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *