“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოსადმი მიმართულ დოკუმენტში წერია, რომ საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობაზე უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერიაა წარდგენილი.
დოკუმენტის მიხედვით, აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი არიან მიხეილ მაჭავარიანი და აკაკი ბობოხიძე.
რეგიონალური მდივნის თანამდებობაზე დავით კირკიტაძისა და ნუგზარ წიკლაურის კანდიდატურებია წარდგენილი. წიკლაური საქართველოს პარლამენტის წევრია.
ადმინისტრაციული მდივნის თანამდებობაზე კი ასევე პარლამენტის წევრი ხათუნა გოგორიშვილია წარდგენილი. რაც შეეხება პარტიის მედიამდივანს, ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრის, ირმა ნადირაშვილის კანდიდატურაა დასახელებული, ხოლო პარტიის პოლიტიკურ მდივნად ასევე პარლამენტარი ზურაბ ჟაფარიძეა წარდგენილი.
“ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივნის თანამდებობაზე გიორგი ვაშაძეა წარდგენილი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი არიან დასახელებული.
