საიას განცხადებით, თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, პირს, რომელიც პოლიციელის დაჭრაშია ეჭვმიტანილიგ ისევე როგორც მის ფეხმძიმე მეუღლეს, ესაჭიროება ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რასაც [წინასწარი] პატიმრობა მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს.

 

“გვსურს გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება: დასაწყისშივე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერ ადამიანზე, მათ შორის, პოლიციის თანამშრომელზე, ძალადობა აკრძალულია და ისჯება კანონით. როგორი მძიმე დანაშაულიც უნდა ჩაიდინოს სხვამ, არავის აქვს პირადი ანგარიშსწორებისა და დანაშაულის საპასუხოდ ახალი დანაშაულის ჩადენის უფლება. სახელმწიფო ვალდებულია მსგავსი რამ არ დაუშვას, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გულისხმობს. აქვე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს ადექვატური და სამართლიანი რეაგირება ასევე გულისხმობს არა მხოლოდ ბრალდებულის, არამედ პოლიციის თანამშრომელ ქმედებების სრულყოფილ, სწრაფ, მიუკერძოებელ გამოძიებას და, დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, მის დასჯას კანონით გათვალისწინებული წესით. ამავე დროს, აუცილებელია, გამოძიების პროცესში პოლიციელს შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება. აღნიშნული საქმის გამოძიებისა თუ სასამართლოში საქმის განხილვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მთელი რიგი გარემოებები. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის ქმედება იყო რეაქცია პოლიციელის მხრიდან არა მხოლოდ სისხლის სამართლის კანონის, არამედ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივი ნორმების სრულ უგულვებელყოფაზე; ასევე, ბრალდებული თავად ჩაბარდა პოლიციას და აღიარა ჩადენილი. როგორც ცნობილია, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში ,,სსკ”) 118-ე მუხლით. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ სსკ-ს 118-ე მუხლის ნაცვლად მოცემულ შემთხვევაში ხომ არ არის სხვა მუხლით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა. კერძოდ, სსკ-ს 121-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ,,ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ…” სსკ-ს 121-ე მუხლი 118-ე მუხლთან შედარებით უფრო მსუბუქ სანქციას ითვალისწინებს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივად არასწორი იქნება აღნიშნული პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად ,,პატიმრობა, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.“ თუ გავითვალისწინებთ საქმის გარემოებებს და განსაკუთრებით იმას, რომ პირი ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში და ჩადენილი დანაშაული აღიარა, ცხადი ხდება რომ პატიმრობის გამოყენება კანონით დადგენილ წესთან წინააღმდეგობაში მოვა. საგულისხმოა, რომ თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ზემოხსენებულ პირს, ისევე როგორც მის ფეხმძიმე მეუღლეს, ესაჭიროება ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რასაც პატიმრობა მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც 118-ე ასევე 121-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნებიან და თავისუფლების აღკვეთის გარდა, უფრო მსუბუქ სასჯელთა სახეებსაც ითვალისწინებენ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით,  ზუგდიდში მოქალაქემ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი,  ცემა, ყური მოაჭრა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ზუგდიდში კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნულის მოტივი ფეხმძიმე მეუღლის გაუპატიურების მცდელობა იყო.  გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *