ავლაბარში მდებარე ზემოხსენებული ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ნოზაძის მხარდასაჭერი აქცია დილიდან იმართება. თანამებობიდან გათავისუფლებული დირექტორის შვილი, მოჭიდავე რამაზ ნოზაძე “ფრონტ ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ დედამისი თანამებობიდან გიგი უგულავას მითითებით გაათავისუფლეს.
“თბილისის მერი გიგი უგულავა მიპირისპირდება მე. პირადად ვერაფერი დამაკლო და გადაწყვიტა, დედაჩემზე იძიოს შური. საქმე იმაშია, რომ ერთ–ერთ კონცერტზე მივედი მასთან და ვუთხარი, რა გვეკონცერტება, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემა გვაქვს და ქვეყანა თავზე გვემხობა–თქო?! ამის შემდეგ პირადად მისი ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს დედაჩემი, ლალი ნოზაძე, რომელიც უკვე 35 წელია ბაღის გამგეა. აქ ვიქნებით იქამდე, ვიდრე დედაჩემის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არ გაბათილდება“, – განაცხადა ნოზაძემ.
ლალი ნოზაძის სამსახურიდან გათავისუფლების განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოში, სადაც ამტკიცებენ, რომ დირექტორი პოსტიდან დარღვევის გამო მოხსნეს:
“სააგენტო გეგმიურ რეჟიმში მუდმივად ახორციელებს იმ ბაღების მონიტორინგს, რომლებიც ჩვენ დაქვემდარებაშია. ბოლო მონიტორინგის შედეგად, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, აღმოჩნდა, რომ სერიოზული დარღვევებია ამ ბაღში. ეს დარღვევები რაში გამოიხატება: საწყობში საკვები პროდუქტები მეტობებში აღმოჩნდა, ანუ რაც იყო გაწერილი, რომ საკვების სახით ბავშვებამდე უნდა მისულიყო, არ მივიდა, სავარაუდოდ, უხეშად რომ ვთქვათ, ეს პროდუქტები მერე ალბათ გატანილი იქნებოდა ბაღიდან. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა. ასევე გროვდებოდა ფული მშობლებისგან, ეს შეიძლება ყოფილიყო ან ბაღის კეთილმოსაწყობად, ან სხვა მიზნებისთვის, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კატეგორიულად დაუშვებელია, რომ მშობელს დირექტორმა ან ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოსთხოვოს ფულის შეგროვება, რისთვისაც არ უნდა იყოს ეს, თუნდაც სათამაშოებისთვის”, – “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს გიორგი თურქიაშვილი, ზემოხსენებული სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
მისივე თქმით, ზემოხსენებულ ბაღში ერთი დარღვევა 2 წლის წინაც არის დაფიქსირებული, თუმცა ნოზაძე ამის გამო სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ:
“2 წლის წინ სააგენტოს წინა ადმინისტრაციის პიორბებში ამ ქალბატონს კიდევ ჰქონდა მნიშვენლოვანი დარღვევა, რის გამოც უნდა გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან, ჩემი აზრით. ეს დარღვევა კონკრეტულად იყო ბაღის კუთვნილი ბიუჯეტიდან ოჯახის წევრზე ჰონორარის გადახდა კედლის მოხატვისთვის… პირდპაირი ნეპოტიზმი, ან კორუფცია – ბევრი დეფინიცია შეიძლება გამოინახოს ამისთვის”.
მისივე თქმით, საკვები პროდუქტების ბავშვებისთვის სრულად არმიწოდების პრობლემა ამ სისტემაში არც პირველია და, სავარაუდოდ, არც უკანსკნელი. თურქიაშვილის განცხადებით, შარშან მსგავსი დარღვევის გამო 10–მდე ბაღის დირექტორი გათავისუფლდა.

