მხარეების ცნობით, დღევანდელი მოლაპარაკებები საკმაოდ დაძაბული იყო. შეხვედრაზე განიხილეს დიცსა და დვანში შექმნილი ვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები და შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
დიცსა და დვანში შექმნილი ვითარება, რუსეთის დელეგაციისა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების შეფასებით, “არის სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის საზღვრის დემარკაცია და საოკუპაციო ზოლთან გავლებული მავთულხლართები.”
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით, “სამხრეთ ოსეთის მხარემ წარმოადგინა დეტალური ვიდეოპრეზენტაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.”
“ქართველი პოლიტიკოსების ჯგუფური ქმედების ჩათვლით, რომლებიც საკუთარ თავს უღებენ კადრებს და იგონებენ ხელოვნურ სიტუაციებს. რეალურად საუბარია საზღვრის აგებაზე, იმის არდანახვა, რომ საზღვარი არსებობს, ნიშნავს, რომ არ აღიარებ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთის რესპუბლიკას, ეს კი არ შეესაბამება არსებულ რეალობას. ადრე თუ გვიან საზღვრის დადგმა მაინც მოუწევთ, იმისთვის, რომ გასაგები იყოს, რას იცავენ მესაზღვრეები და სად გადის საზღვარი,”- განაცხადა კარასინმა ჟურნალისტებთან საუბარში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის თქმით, ქართულმა მხარემ ყველა პრობლემატური საკითხი დასვა.
“როგორ ხდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, როგორ ხდება მათი დაშინება, რომ მათ არ ჰქონდეთ წვდომა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, როგორ ხდება მათი გადაადგილების შეზღუდვა, ამ მიმართულებით ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილის ინფორმირებას.”
დღევანდელი მოლაპარაკებების დაწყებამდე, გრიგორი კარასინის თქმით, შეხვედრაზე თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ოკუპირებულ აფხაზეთთან და ოსეთთან მოითხოვდა.
“ამჯერად ჟენევაში წამოსვლისას ძალიან იმედიანად ვიყავი განწყობილი, რაც საქართველოს ხელისუფლების ტონის შერბილებამ განაპირობა. ახალი პრეზიდენტის პირველი განცხადება მოწმობს, რომ ღია კონფრონტაციის პერიოდი უკან დარჩა და დადგა მსჯელობისა და იმაზე ფიქრის დრო, როგორ ავაწყოთ ურთიერთობები მომავალში, თუმცა ილუზიები არავის აქვს.”
ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან პოზიცია ქართულმა მხარემაც გამოხატა.
“ჩვენ არ განვიხილავთ მათთან რაიმე სახის დოკუმენტზე ხელმოწერას. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს უპასუხოს ძალის არგამოუყენებლობაზე,”- განაცხადა ზალკალიანმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქართული მხარის ცნობით დღევანდელი დებატების თემა იყო, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხია.
“დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განხილული იყო, ფაქტიურად მოვახერხეთ განგვეხილა იძულებით გადაადგილებული პირების საკითხი, რაც აქამდე ჩვენი პარტნიორების მხრიდან თითქმის დარბაზის დატოვებას იწვევდა,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ.
ამავე საკითხებზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმაც ისაუბრა.
