
“საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენი აქტიური თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან შენარჩუნებულია. ერთი თვის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს სამიტზე ვენაში სიტყვითაც გამოვიდა”, – განაცხადა ზანერმა.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ეუთოს საქართველოში წარმომადგენლობა აღარ ჰყავს, ორგანიზაციას მხოლოდ გარედან დაკვირვება შეუძლია.
“თუმცა მე მომდევნო წელს ვგეგმავ საქართველოში ვიზიტს, საუბრის ერთ–ერთი მთავარი თემა კი ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენა იქნება. ეს ჩვენ რეგიონში პროექტების უფრო ეფექტიან რეალიზაციაში დაგვეხმარება. წარმომადგენლობის ფორმატთან დაკავშირებით დისკუსია მუდმივად მიმდინარეობს”, – განაცხადა ზანერმა და დასძინა, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს ეუთოს წევრი 57 ქვეყანა ერთობლივად იღებს.
ეუთოს მისიამ საქართველოში მუშაობა 2009 წელს დაასრულა. მაშინ ორგანიზაციამ საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გაგრძელების თაობაზე კონსენსუსს ვერ მიაღწია. ამ დროისთვის საქართველოში სადამკვრივებლო მისიას ევროკავშირი ახორციელებს, თუმცა მისი მონიტორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას ვერ ახერხებენ.
