მისი თქმით, რუსულმა მხარემ აშშ-ს შესთავაზა განიხილოს აღნიშნული ლაბორატორიის საკითხი.
“ჩვენ გვაქვს ცალსახა და ძალიან ნეგატიური აღქმა ამ სამხედრო ობიექტის რეალური დანიშნულების, რომელიც რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ჩვენ ძალიან ხისტ პოზიციას ვიკავებთ,”- აცხადებს ონიშენკო.
ონიშენკო ამბობს, რომ ეს ლაბორატორია არის სერიოზული დაბრკოლება რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთოებების ნორმალიზაციისთვის.
მისივე თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩი ამ საკითხთან დაკავშრებით წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს, რომელიც, ონიშენკოს განმარტებით, საქმის რეალურ არსს კიდევ უფრო აღრმავებს.
რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრში, ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობის მიზნით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ოფიციალური პირების ვიზიტი გუშინ, 9 სექტემბერს გაიმართა.
საქართველოს ხელისუფლების წევრებმა შეხვედრის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ მიიღონ მონაწილეობა ლაბორატორიის კვლევით საქმიანობაში.
აღნიშნულ შეხვედრაზე განცხადება აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმაც გააკეთა:
“საქართველომ უნდა იამაყოს ასეთი ლაბორატორიით. როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, რატომ აშენდა ის, პასუხი ასეთია: ამ ლაბორატორიამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანსა და ცხოველებში ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილებას. მას აქვს რეგიონული მნიშვნელობა და იმისთვის, რომ ის თვითკმარი გახდეს, საჭიროა ბევრი სამეცნიერო კვლევა ჩატარდეს. აშშ-ს ეამაყება ამგვარი ლაბორატორიის აშენება. ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი, შეიძლება ითქვას, ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც განხორციელდა საქართველოსა და აშშ-ს შორის”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ლუგარის ქართულ–ამერიკული ლაბორატორიის შექმნისთვის, რომელიც 2011 წელს გაიხსნა, აშშ–ის მთავრობამ 100 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აღნიშნულ ცენტრს “უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდზედამხედველობის, ფუნდამენტური და გამოყენებითი ბიო-სამედიცინო მეცნიერებების განვითარებისთვის. ცენტრის ძირითადი ფუნქციაა ლაბორატორიული ზედამხედველობა, განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა გამოვლენა და რეაგირება, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და პრევენცია.”
