ახალქალქში “ქართული ოცნების” შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, მელიქ რაისიანისა და ბეჟან გუნავას განცხადებით, ისინი “ქართულ ოცნებას” რაიონში გატარებული პოლიტიკის გამო ემიჯნებიან:
“ახალქალაქში, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. ის ადამიანები, რომლებიც ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ და ხალხს ნერვებს უშლიდნენ და აწამებდნენ, დღემდე იგივე თანამდებობებზე რჩებიან, სოფლებშიც თანამდებობებზე იგივე პირები არიან და გარდა ამისა, დღეისათვის”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო შტაბში დაინიშნენ ადამიანები, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამ ხალხის, “ქართული ოცნების” აქტივისტების წინააღმდეგ მუშაობდნენ. ანუ არაფერი შეცვლილა, არც ხელისუფლების პოლიტიკა და არც ადამიანები, უბრალოდ ნომრები შეიცვალა: 5 ნომერი 41 ნომრით. სწორედ ამას აპროტესტებენ ისინი… ემიჯნებიან “ქართულ ოცნებას” და სწორედ ამ პოზიციის დასაფიქსირებლად არიან მოსულები “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან. ადამიანი (ენძელ მკოიანი), რომლის მითითებითაც 2012 წელს “ქართული ოცნების” შტაბის წევრი გაიტაცეს და სომხეთში გადაიყვანეს და ამის შესახებ საქმის კურსში იყო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ მსოფლიო თანამეგობრობა, დღეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს მხარდამჭერი ამა თუ იმ ორგანიზაციის, მაგრამ თვითონ პოლიტიკა, რომელიც ტარდება ახალქალაქში, აბსოლუტურად მიუღებელია საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ბეჟან გუნავამ, რომელიც ამბობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს იგი ჯავახეთში დეპუტატ გოგლა ჟვანიას ეხმარებოდა.
გუნავას თქმით, იგი შეეცადა, რომ ამ პრობლემის შესახებ ხმა “ქართული ოცნების” მაღალ ეშელონებში მიეწვდინა, თუმცა უშედეგოდ.
