“ადამიანის უფლებათა სახლის” პროექტის ფარგლებში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ეკა ქობესაშვილი მსჯავრდებულ გია ალავიძის ინტერესებს იცავს. ამ საკითხზე დღეს, 16 აგვისტოს, პრესკონფერენცია გამართეს მან და “ადამიანის უფლებათა სახლის” გამგეობის თავმჯდომარემ ალეკო ცქიტიშვილმა.

 

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, გია ალავიძე ამჟამად სასჯელს იხდის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თაღლითობის ბრალდებით, რომელსაც 2009 წელს სასამართლომ 4 ეპიზოდში დამნაშავედ ცნობის შედეგად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

ადვოკატ ეკა ქობესაშვილის განცხადებით, გია ალავიძე სასჯელს იხდიდა მაშინ, როცა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები იმ ციხეში მოათავსეს, სადაც ალავიძე იმყოფებოდა. ალავიძე თვითმხილველი გახდა იმისა, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ აღნიშნული პირები. 2008 წელს, პრეზიდენტის შეწყალების შედეგად, როცა სასჯელი გაუნახევრდათ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულებს, შეწყალება ალავიძესაც შეეხო და მან საპყრობილე დატოვა. 2009 წელს ის დაუკავშირდა ტელეკომპანია “მაესტროს, აცნობა მათ აღნიშნული პირების პრივილეგირებული მდგომარეობის შესახებ, ტელეკომპანიამ კი ამ ყველაფრის ფირზე აღბეჭდვა შეძლო. აღნიშნული ვიდეომასალა ეთერში 2009 წლის 25 მაის გავიდა.

 

ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ დღიდან დაიწყო ხელისუფლებამ გია ალავიძის დევნა, რასაც მოჰყვა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება, შედეგად კი, ალავიძეს 20 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.

 

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული განაჩენი ალავიძის მიმართ უკანონოდ იქნა გამოტანილი და ბრალის წარდგენამდე მას სამართალდამცავები თხოვდნენ იმ ვიდეომასალის გადაცემას, რომელიც “მაესტროს” ეთერში არ გასულა და მას მუდმივად ემუქრებოდნენ.

 

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებით, მათთვის ცნობილია, რომ გია ალავიძემ არაერთხელ მიმართა თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, მთავარ პროკურატურას და თბილისის პროკურატურას. გარდა ამისა, “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ამავე უწყებებს თავადაც მიმართა და მოითხოვა ამ საქმის შესწავლა.

 

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” თავმჯდომარის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, 2013 წლის თებერვლამდე არასამთავრობო სექტორისთვის უცნობი იყო გია ალავიძის საქმის შესახებ, რის გამოც ის ვერ მოხვდა იმ პოლიტპატიმართა სიაში, რომელიც პარლამენტმა შეადგინა. ალავიძის შესახებ ინფორმაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრს” სახალხო დამცველმა მიაწოდა, რომელმაც მსჯავრდებული საპყრობილეში მოინახულა.

 

როგორც გია ალავიძის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, ალავიძეს ამნისტიის შედეგად სასჯელი 6 წლამდე შეუმცირდა, საიდანაც 4 წელი უკვე მოხდილი აქვს. სწორედ ამის გამო, ქობესაშვილს იმედი აქვს, რომ მას პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეხება.

 

“ადამიანის უფლებათა ცენტრს” გია ალავიძის საქმეზე ფილმიც აქვს მომზდებული, რომლის ნახვაც შესაძლებელია აქ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *