13 მილიონი ლარის გამოყოფაზე და უახლოეს 3 წელიწადში ქალაქში 25 საბავშვო ბაღის მშენებლობაზე განცხადება მერიამ გუშინ, 6 აგვისტოს გააკეთა. როგორც ირკვევა, თბილისის მერია ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება და ქალაქში არსებულ საბავშვო ბაღებში პროექტების განხორციელებას გეგმავს. შესაბამისად, როგორც მერიაში აცხადებენ, იგეგმება, რომ საბავშვო ბაღებში 8 მლნ. ლარი სასწავლო ხარჯებს, 5 მლნ. ლარი კი, შენობების რეაბილიტაციას მოხმარდეს.
“მომავალი სასწავლო წლისთვის სახელმწიფო ბაგა-ბაღებში სწავლების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, ქალაქში არსებული რესურსი სრულად ვერ აკმაკოფილებს მსურველთა რაოდენობას. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, თბილისის მერია ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, ახალი პროექტის განახორციელებას გეგმავს, რომელიც უახლოეს 3 წელიწადში ქალაქში 25 საბავშვო ბაღის მშენებლობას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო წლიდან ბაღებში არსებული ჯგუფების რაოდენობა გაიზრდება, რათა მაქსმალურად დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით 200 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ასევე, მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ყოფილი საუწყებო ბაღების გადმოცემის პროცესი, რომლებიც ამჟამად არ ფუნქციონირებენ და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებენ. თითოეული მათგანი თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით კეთილმოეწყობა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვება,”- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადებით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება თბილისის მერიის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც საბავშვო ბაღებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, თანამედროვე ტიპის ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟებას ითვალისწინებს.
თბილისის მერიის განცახდებას, 25 ახალი ბაღის აშენებასთან დაკავშირებით, აღმაშფოთებელს უწოდებს ხიდაშელი. მისი თქმით, 25 ახალი საბავშვო ბაღის აშენების მოთხოვნამდე, მერიამ მის მიერ გაყიდულ საბავშვო ბაღების შენობებზე უნდა ისაუბროს.
“კიდევ უფრო მეტად ვარ აღშფოთებული, ვიდრე იმ დღეს ვიყავი, როდესაც საკრებულოში გადაწყვეტილება შემოიტანეს საბავშვო ბაღებისთვის დაფინანსების გაუქმებაზე. ის ამბობდა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მომცეს ფული, რომ 25 საბავშვო ბაღი ავაშენოო. იმისათვის, რომ ასეთი მოთხოვნა გაგიჩნდეს, პირველ რიგში, იმ საბავშვო ბაღების ბედი უნდა გააგებინო თბილისელებს, რომლებიც სრულიად უკანონოდ გაყიდა თბილისის მერიამ. რით იყო ეს მოტივირებული თავის დროზე, და მათი უმრავლესობა თბილისის მაღალჩინოსნების ხელშია დღეს. ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი, დღეს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის პრივატიზებული და მუნიციპალურ საკუთრებაშია, ისეთ მდგომარეობაშია, რომ ბავშვები იქ ვერ ივლიან. საკრებულოს მინდა მივმართო, რომ ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის დროს გაითვალისწინოს ეს და გაცილებით მეტი ფული გამოყოს საბავშვო ბაღებისთვის,”- განაცხადა ხიდაშელმა.
მერიის ინიციატივას დღეს გამართულ ბრიფინგზე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით საკრებულოს ახალი თავმჯდომარეც გამოეხმაურა.
საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამისთვის ტრანსფერის განხორციელება აუცილებელი არ არის და საჭირო თანხების მოძიება ტრანსფერის გარეშეც, ადგილობრივ ბიუჯეტშია შესაძლებელი.
“2007 წელს თბილისის მერს რომ 40 ბაღი არ გაეუქმებინა და გაეყიდა, დღეს ქალაქში ასეთი მძიმე და სავალალო მდგომარეობა არ გვექნებოდა ბაღების დეფიციტთან დაკავშირებით. ახლა, როდესაც ვართ უმრავლესობაში და ხელგვეწიფება შევცვალოთ ვითარება უკეთესობისკენ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ბავშვს შეეძლოს ბაღში მისვლა და კომფორტულ პირობებში ყოფნა – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. ინიციატივა, რომელიც თბილისის მერმა გუშინ გააჟღერა, საკრებულოში ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც ჩვენ, ახალი უმრავლესობა ვიყავით უმცირესობაში. 21 დეპუტატის ხელმოწერილი დოკუმენტით მაშინ მერს არაფრისთვის საჭირო ბორდების გაუქმებასა და გამოთავისუფლებული სოლიდური თანხით საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემების მოგვარებას ვთხოვდით. ამ მოთხოვნაზე მივიღეთ იგნორი, ახლა კი უგულავა ცდილობს, საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუოს,” – განაცხადა შიხიაშვილმა.
დღის ბოლოს თბილისის მერი აღნიშნული კომენტარების საპასუხოდ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც ხიდაშელს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
“ქალბატონ თინას ცილისწამების უცნაური ფორმა აქვს არჩეული, ჯერ ადამიანს ბრალს სდებს და იქვე ამბობს, რომ ფაქტებს ახლა სწავლობს და გვარებს მოგვიანებით დაასახელებს. რა მნიშვნელობა აქვს, ქალბატონო თინა, ბრალი ხომ დასდეთ, ახლა სხვამ იდარდოს და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. მინდა მარტივად და ლაკონურად გითხრათ: თქვენ იტყუებით და თან ურცხვად, ეს კი მხოლოდ თქვენი პრობლემაა. საზოგადოებამ იხილა, რომ გუშინ მე აბსოლუტურად კონსტრუქციულად, თანამშრომლობის რეჟიმში, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, დავაყენე საკითხები და საკრებულოს უმრავლესობას შევთავაზე მსჯელობა პრობლემის მოსაგვარებლად, პასუხად კი ვიღებთ ღვარძლსა და ცილისწამებას. ჩემთვის ორმაგად გასაკვირია, რომ ქალბატონი თინა ხიდაშელისა და ირაკლი შიხიაშვილის რიტორიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. გასაკვირია, რა მოხდა და ასე რამ დაამსგავსა ისინი ერთმანეთს.”
