“აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელმაც პირველმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა არგენტინასთან ერთად 1918 წელს და მე მაქსიმალურად ვთვლი, რომ მოვალე ვარ ამ ქვეყნის მიმართ, ხალხის, კულტურის, ლიტერატურის მიმართ. უამრავ პროექტში ვარ ჩართული, რაც გვაკავშირებს და დაგვაკავშირებს აზერბაიჯანთან, ამიტომ ჩემთვის სრულიად მოულოდნელია ეს, ჩემთვის მართლაც დაუჯერებელია, იმიტომ, რომ “პერსონა ნონ გრატად” სახელმწიფო აცხადებს მისთვის არასასურველ ადამიანს და ჩემზე სასურველს და ჩემზე დიდი მეგობარი საქართველოში კი არა, შეძლება ვერსად ვერ მოძებნოს აზერბაიჯანმა. ამიტომ ძალიან გაკვირვებული ვარ. მე ვარ მათი მშვენიერი ლიტერატურის მთავარი პროპაგანდისტი”. – განაცხადა დათო ტურაშვილმა.
მწერლის თქმით, იგი დახლოებით 3 წლის წინ იმყოფებოდა მთიან ყარაბაღში ბესო ხვედელიძესთან ერთად.
“ეს იყო ინგლისური პროექტი, საერთო კავკასიური პროექტი, რომელიც დაიწყო ბაქოში, და შემდეგ წავედით მთიან ყარაბაღში და უცნაური და ალოგიკური ისაა, რომ ყარაბაღში ჩავიტანეთ აზერბაიჯანელი მწერლების და პოეტების ლიტერატურა, მათი პოზიცია, რომელიც ჩემი ხელით დავარიგე. პრინციპში აზერბაიჯანისთვის სასიკეთო საქმეზე ვიყავი და გაუგებარია ის, რაც მოხდა”– განაცხადა დათო ტურაშილმა.
მწერალმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ოფიციალურმა სტრუქტურებმა უნდა მოაგვარონ:
“ვისარგებლებ შემთხვევით და თუ ჩვენი სახელმწიფოსთვის რაღაც ფასეულობას წარმოვადგენ, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, იმედია, ისინი თვითონ მიმართავენ და ამ შეცდომას გამოასწორებენ, თუ ეს ლიტერატურული სიმპოზიუმის გამო მოხდა, მაშინ არცოდნა არც ისეთი დიდი ცოდვა ყოფილა, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლებოდეს, ამიტომ ოფიციალური სტრუქტურა, ვისაც ხელეწიფება, რომ მიმართოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ეს შეიცვალოს”
დღეს, 3 აგვისტოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა იმ პირთა სია, რომლებიც აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე– მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სააგენტოს ინფორმაციით, 335 ადამიანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
სია 335 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არიან ქართველი მწერლები: დათო ტურაშვილი, ბესო ხვედელიძე და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი. სიაში ასევ არიან პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგეი მარკედონოვი, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ქეროლაინ კოქსი, რუსეთის დუმის წევრი მაკსიმ მისჩენკო, დესეთეს საკითხებში რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბერლინის ევროპული აკადებიის დირექტორი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი ფრანსუა როშებლოინი. სიაში ასევე მოხვდნენ იტალიელი მომღერალი ალ ბანო, სოპრანო მონსერატ კაბალიე და ევროკავშირის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები.
