ორგანიზაცია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოშორა-იდუმალას რწმუნებულის განცხადებით, გამგებელმა ლევან ცაბაძემ და მისმა მოადგილემ, ალექსანდრე პაპაშვილმა რწმუნებულებს და მათ თანაშემწეებს განუცხადეს, რომ თუ თავისი ნებით არ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს, მათ მიმართ იძულების სხვა ხერხებს გამოიყენებდნენ.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა გამგებელ ლევან ცაბაძეს, რომელმაც ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და მას აბსურდი უწოდა. თუმცა აღნიშნა, რომ განცხადების დაწერის თაობაზე არაერთი სოფლის რწმუნებულთან ჰქონდა საუბარი.
“როდესაც მე გამგებლად დავინიშნე, მქონდა ასეთი საუბარი, რომ მე ყველა სოფელში მივიდოდი, დავაყენებდი საკითხს, რომ სოფელმა თავად აირჩიოს რწმუნებული, იმიტომ, რომ უამრავ სოფელში ბრალდებებია მათი მისამართით. მე ვუთხარი, რომ არ მჯერა, თუმცა ასე არ შეიძლება. ჩემსა და სოფელს შორის რომ კომუნიკაცია უფრო გაადვილებული იყოს, მათ რომ ჩემ მიმართ რწმენა ჰქონდეთ, ჯობია, რომ სოფელმა თვითონ აირჩიოს სოფლის რწმუნებული. უმრავლესობა დამეთანხმა და დაწერეს განცხადება. მათ ეს იცოდნენ 2 თვის წინ, უბრალოდ დრო დაგვჭირდა ყველა სოფელში მისვლის და კრების ჩატარებისთვის. ყველა სოფელმა ჩაატარა კრება და თვითონ აირჩიეს გამგებლები. რამდენიმე ადამაინი არ დათანხმდა ჩემს წინადადებას, რაზეც ვუთხარი, რომ თქვენი ნება–სურვილია, სოფლის წინააღმდეგ თქვენ თუ წახვალთ, ეგ იმას ნიშნავს, რომ პირად ამბიციებს წინ აყენებ, ვიდრე სოფლის ინტერესებს, რაც მათი გადასაწყვეტია”– განაცხადა ლევან ცაბაძემ.
მისივე თქმით, განცხადების დაწერაზე უარი ხუთმა ადამაინმა განაცხდა.
“სამართლიანია არჩევნები” აცხადებს, რომ “ადგილობრივი თვითმმრთველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში თავად შეუძლია.
“შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ რწმუნებულების მიმართ წაყენებული მოთხოვნა, საკუთარი ნებით დაწერონ განცხადებები სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით, უკანონოა და შეიცავს მუქარისა და ზეწოლის ნიშნებს”– ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
