როგორც პრეზიდენტმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, იგი წელს 11–პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდებოდა და, მისი თქმით, მსოფლიო რეკორდია 11–პროცენტიანი ზრდის მინუსებში გადაყვანა:

 

“მინდა მოგმართოთ იმ საგანგაშო ეკონომიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა. პირველად მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა გადავიდა რეცესიაში, ანუ საქართველოს ეკონომიკა მცირდება. წინა თვეებში ჩვენ გვქონდა სტაგნაცია, ახლა გვაქვს რეცესია. საქართველოს არ აქვს უფლება, რომ ეკონომიკა მცირდებოდეს. იმიტომ, რომ ამაზე დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, არსებობა და მოქალაქეების ყოველდღიური კეთილდღეობა. ჩვენ წელს ვვარაუდობდით 11-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას და ამის ყოველგვარი  საფუძველი არსებობდა. მართლა მსოფლიო რეკორდია 11–პროცენტიანი ზრდის მინუსებში გადაყვანა… მე ამის მაგალითებს (თუ ომის სიტუაციებს არ გავითვალისწინებთ) ვერ ვიხსენებ ვერც ერთ სხვა ქვეყანაში. მინდა პირდაპირ ვთქვა, ეს არის არაკომპეტენტურობის და მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების პირდაპირი შედეგი. პრობლემა ექმნება ეკონომიკურ ზრდას და ეს მარტო ციფრები არაა, ამას ხალხი გრძნობს ყოველდღიურად: ბიზნესები მცირდება, საცალო ვაჭრობაში სერიოზული პრობლემებია, პრობლემები აქვს ბიუჯეტს… ბიუჯეტში დაიწყო დიდი გარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე მომავალ წელს ჩვენ გვექნება პენსიების და ხელფასების დარიგების პრობლემა. ეს არის ის, რაც შევარდნაძის შემდეგ ჩვენ ქვეყანას და ეკონომიკას აღარ ახსოვს. იმის გამო, რომ პრობლემებია ენერგეტიკაში, უკვე წელს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას დენის იმპორტის თვალსაზრისით.  სიტუაცია არის მართლაც საგანგაშო”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ  ის დაპირება, რომელსაც პრემიერი მოსახლეობას აძლევს “შემდგომ რაღაც ფონდებთან დაკავშირებით”, სრულიად არარეალისტურია.

 

“არ გეუბნებიან სიმართლეს. ამ ფონდებით ეკონომიკის გამოსწორება არა მხოლოდ შესაძლებელი არ არის, არამედ ისინი ზიანს მოუტანენ ეკონომიკას. მინდა მოვუწოდო პრემიერ–მინისტრს, თავისი ფული პირდაპირ ჩადოს ეკონომიკაში. განაახლოს შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის თბილისში შემოვლითი რკინიგზა, სადაც 200 მილიონი უკვე დავხარჯეთ და რომელიც თბილისისთვის მეორე სუნთქვის გახსნაა, განაახლონ პორტის მშენებლობა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და შეწყვიტონ მავნე კანონების განხილვა პარლამენტში, რადგან ესეც პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას”, – მიმართა პრეზიდენტმა მოსახლეობას.

 

მისივე თქმით, “უნდა შეწყდეს პოლიტიკური დაჭერები და რევანშიზმი”.

 

“ჯერჯერობით საქართველოს ეკონომიკა სულდგმულობს ჩვენ მიერ დატოვებული რამდენიმე მილიარდით და ჩვენ მიერ დატოვებული ტურიზმით. დღევანდელი მთავრობა მე პირადად დამცინოდა, თუ რატომ ვლაპარაკობდი ტურიზმზე, ხომ ხედავთ? ერთადერთი, რაც ეკონომიკას დღეს აცოცხლებს, ტურიზმია”, – აღნიშნა მან.

 

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ეკონომიკა არ უნდა ჩამოიშალოს, ამისთვის კი ერთად მუშაობაა საჭირო. იგი მმართველ გუნდს თანამშრომლობას სთავაზობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *