როგორც კვიტაშვილმა დღეს, 31 ივლისს “ნეტგაზეთის” მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, განათლების სამინისტროში თანამშრომლობის კუთხით ზურაბიშვილი “ერთ–ერთი ყველაზე ნათელი, მუშა წერტილი იყო”.

“მე, მაგალითად, ყველაზე კარგი, კარგი რას ჰქვია, ყველაზე საქმიანი ურთიერთობა მქონდა მაგ ადამიანთან. შეიძლებოდა მასთან კამათი. მე ვთვლიდი, პირადად ჩემზეა საუბარი, ახლა არ მინდა სხვაზე ვისაუბრო, რომ ერთ–ერთი ნათელი, მუშა წერტილი იყო ეგ ადამიანი და ძალიან გამიკვირდა, როცა ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ახლა ეს ჩემი საქმე არ არის, მე ვეთანხმების იმას, რომ მინისტრის პრეროგატივაა თავისი გუნდის დაკომპლექტება. მეც მქონდა ბევრი საკამათო თემა მასთან, თუმცა ეს იყო კაცი, რომელიც მუშაობდა ძალიან აქტიურად და, რაც მთავარია, ითვალისწინებდა სხვის აზრს. ასეთი ფაქტორის მოშლა სამინისტროში ჩვენთვის, ჩემთვის (მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი კვირა დამრჩა უნივერსიტეტში) ძალიან ცუდი ნიშნანია, იმიტომ, რომ საღი აზრის გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია.  აუცილებელია კომუნიკაცია, კომუნიკაციის პრობლემა კი ჩვენ მასთან არ გვქონია არასდროს, განსხვავებით მინისტრისგან, თუ მინისტრის სხვა მოადგილეებისაგან”, – განაცხადა კვიტაშვილმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თავის მოადგილედ  ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლია გიგაურს ნიშნავს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე მან პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ყოფილი მოადგილეებიდან შეინარჩუნებდა მხოლოდ ერთს – ქეთევან ნატრიაშვილს, რომელიც უკვე დანიშნულია მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.

განათლების მინისტრს ოთხი მოადგილე ეყოლება, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ ორი მათგანის ვინაობაა ცნობილი.

 

ყოფილი მოადგილეები – ალუდა გოგლიჩიძე და დავით ზურაბიშვილი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მინისტრის პოსტი დატოვა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატია. ზურაბიშვილი და გოგლიჩიძე, როგორც თამარ სანიკიძემ განაცხადა, მის მოადგილეებად აღარ დაინიშნებიან. მან განმარტა, რომ ამ პოზიციებზე განათლების სპეციალისტები ჭირდება. ამ არგუმენტს არ იზიარებენ დათხოვნილი მოადგილეები.

 

როგორც გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, ყველა მინისტრი ხელისუფლებაში თავის თანამზრახველებთან ერთად მოდის, თუმცა, მისი ინფორმაციით, იმ მიმართულებით მუშაობა, რაც მისი მინისტრობის პერიოდში დაიწყო, გაგრძელდება:

 

“იმ მიმართულებით მუშაობა, რაც მე დავიწყე, მე რამდენადაც ვიცი, გაგრძელდება, მაგრამ ეს კითხეთ ახალ მინისტრს. ყველა ქვეყანაში მინისტრი მოდის თავისი გუნდით, ეს ნიშნავს მისი ყველაზე ახლო თანამზრახველების მოყვანას, შესაბამისად, როდესაც მინისტრი მიდის, ავტომატურად თავისუფლდება ყველა ეს თანამზრახველი. ნორმალური სისტემის პირობებში შენ არ ცვლი სახელმწიფო მოხელეებს, ვინც იქ მუშაობს, მაგრამ ცვლი წარმმართველ ფიგურებს, რომლებიც არიან შენი გუნდი, ამაზე არის აგებული ეს სისტემა ამერიკაშიც, საქართელოშიც და ბრიტანეთშიც”, – განაცხადა მარგველაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *