უჩა ნანუაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქმე გასაჩივრებულია და მთელი პროცესი წინ არის, შეწყალება უპასუხისმგებლობაა:
“პრეზიდენტს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია შეწყალება. ამას კანონი არ უკრძალავს, მაგრამ ასე უცებ, ჯერ, პრინცპიში, ერთი თვეც არ არის გასული, რაც პატიმრობა შეეფარდა. მით უმეტეს, გასაჩივრებული არის განაჩენი მისი ადვოკატების მიერ, პროცესი მიმდინარეობს სააპელაციო და მთელი პროცესები იყო წინ, ეს უფრო რაღაც უპასუხისმგებლო საქციელია.”
საქართველოს პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა შეიწყალა და ნასამართლეობა მოუხსნა.
თენგიზ გუნავას შეწყალების შესახებ სამართლებრივი აქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გამოაქვეყნა. თენგიზ გუნავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტმა იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
“საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყალებულ იქნეს თენგიზ გულის ძე გუნავა, დაბადებული 1976 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით,-წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, თენგიზ გუნავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს.
თენგიზ გუნავა პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მას ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტების, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის, ასევე ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის დარღვევა ედებოდა.
