დავით დარახველიძე
დავით დარახველიძე

მინისტრ დავით დარახველიძის თქმით, მათ აქვთ სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ყოფილ მე–13 საჯარო სკოლაში მცხოვრები 23 ოჯახის ზოგიერთი წევრი სხვადასხვა სახის ქონების მესაკუთრეა, მათ შორის რეგიონებში. მინისტრის მტკიცებით, ზოგიერთ მათგანს ავტომობილიც ჰყავს.

 

“მათი ნაწილი სოციალურად დაუცველი არ არის, თუმცა მათ სტატუსი მიანიჭეს მაშინ, როდესაც ამ შენობაში დააფიქსირეს”, – განაცხადა მან.

 

კითხვას, არაკანონიერი იყო თუ არა ზემოხსენებული ოჯახებისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება, დარახველიძემ არ უპასუხა.

 

დღეს თბილისში, ყოფილი მე-13 სკოლის შენობიდან, სადაც სარემონტო სამუშაოების ჩატარება და დევნილების შესახლება იგეგმება, სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლების პროცესი დაიწყო. აღნიშნულ პირებს რამდენიმე დღის წინ მიუვიდათ შსს-დან შეტყობინება, რომ უნდა დაცალონ შენობა, რომელიც უკანონოდ აქვთ დაკავებული.

 

როგორც დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ეკა გულუა ამბობს, აღნიშნული შენობა სოციალურად დაუცველებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული.

 

“შესაბამისად, კომპანიას არ ეძლევა შესაძლებლობა ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები. ზარალდებიან დევნილები, რომელთა წინაშეც ვერ ვასრულებთ აღებულ პასუხიმგებლობას. არაერთხელ ვთხოვეთ მოსახლეობას, დაეტოვებინა აღნიშნული ფართი. ყველა ოჯახი არის შესწავლილი. 15 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი, რომელთაც არანაირი საცხოვრებელი არ გააჩნიათ, დევნილთა სამინისტროს საკუთარი ტრანსპორტით გადაჰყავს ალტერნატიულ ფართში,” – ამბობს ეკა გულუა.

 

სოციალურად დაუცველების თქმით, 6 ოჯახს სამინისტრომ კოჯორში შესთავაზა ალტერნატიული ფართი. 

 

რამდენიმე წუთის წინ ადგილზე მივიდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, რომლებიც სოციალურად დაუცველების გამოსახლების პროცესს აკვირდებიან.

 

სოციალურად დაუცველები 14:30 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან აქციის გამართვას აპირებენ. 

 

 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *