“სახელმწიფომ თბილისში მდებარე რამდენიმე ობიექტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლებაზე გადაწყვეტილება მიიღო და უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 70-ზე მეტი ოჯახი უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ დააყენა.
კერძოდ, 2013 წლის 23 ივლისს ყოფილი 142-ე საჯარო სკოლისა (თემქა,მე-3 მიკრო-რაიონი, მე-4 კვარტალი) და ყოფილი მე-13 სკოლის (ღოღობერიძის ქუჩა #3) შენობებში თვითნებურად შესახლებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს პოლიციის გაფრთხილებები ჩაბარდათ, რომელიც მათგან უკანონოდ დაკავებული უძრავი ქონების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ყოფილი 142-ე სკოლის შენობაში 30-მდე, ყოფილი მე-13 სკოლის შენობაში კი 45-მდე ოჯახი ცხოვრობს, სადაც ისინი 2012 წლის ოქტომბრიდან შესახლდნენ. აღნიშნული ოჯახების ძირითადი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და მათი განცხადებით, არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი. აღნიშნული ობიექტები სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არის რეგისტრირებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო აღნიშნული შენობების გამოყენებას იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თბილისში საცხოვრებლების გადაცემისთვის აპირებს და ამ მიზნით შესაბამისი სარეალიბიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავს. სოციალურად დაუცველი პირების განმარტებით, განსახილველი ობიექტებიდან მათ გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილება სახელმწიფომ მიიღო ისე, რომ არც ერთი კატეგორიის სოციალურად დაუცველი პირი არ უზრუნველყო საცხოვრებლით (ქირით, სოციალური საცხოვრისით). სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილმა 2013 წლის 25 ივლისს გამოსახლების შეჩერების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის ცნობილიარ არის.
EMC-ის შეფასებით, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები განსახილველ ობიექტებში უკანონოდ არიან შეჭრილი, საცხოვრებლის გარეშე მყოფი ღარიბი, ძირითად შემთხვევებში კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების თავშესაფრის გარეშე დატოვება, ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 (1) მუხლის მოთხოვნას, რომელიც ადგენს: „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე,შესაფერისი კვების, ტანისამოსისა და ბინის ჩათვლით [..]“პაქტის 2(1) მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია გადადგას საკანონმდებლო და სხვა ნაბიჯები მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, პაქტით აღიარებული უფლებების თანდათანობითი სრული რეალიზაციის მიზნით. პაქტის საფუძველზე ყველა სახელმწიფოს აქვს აღებული მინიმალური ძირითადი ვალდებულებები, რაც მისგან ითხოვს თითოეული უფლების არსებითი დონის დაკმაყოფილებას.
გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის ზოგადი#3 კომენტარის შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც სახეზეა ხელმისაწვდომი რესურსების ნაკლებობა, სახელმწიფოები მაინც უნდა იღვწოდნენ შესაბამისი უფლებების მაქსიმალურ ფარგლებში განხორციელებისთვის და ახდენდნენ დემონსტირებას, რომ ყველა ღონე იხმარეს მათ ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოსაყენებლად ამ მინიმალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული წესით დასაკმაყოფილებლად.
როგორც ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, აღნიშნული პრინციპების საწინააღმდეგოდ, ყოფილი 142-ე და მე-13 სკოლების შენობებიდან სახელმწიფო ყველა ოჯახს ასახლებს, მიუხედავად იმისა, რომ ზიგიერთი მათგანის სოციალური და სამედიცინო მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და საცხოვრებელი არ გააჩნიათ. როგორც ჩანს, განსახილველი ობიექტებიდან სოციალურად მოწყვლადი ოჯახების გამოსახლება სახელმწიფომ დაგეგმა იმგვარად, რომ არ მოუხდენია სოციალური და საბინაო საჭიროებების გათვალისწინებით ოჯახების პრიორიტეტიზაცია და ობიექტური, გონივრული და სამართლიანი კრიტერიუმების საფუძველზე ამ პირების საბინაო პრობლემების გადაწყვეტის გეგმის შემუშავება. სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა აღნიშნულ ოჯახებს ყოველგვარი მოლოდინის გარეშე უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ ტოვებს. მით უფრო,რომ მათგან ზოგიერთი ერთდროულად რამდენიმე ნიშნით არის მოწყვლადი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა მრავალშვილიანი დედები, ბავშვები, მარტოხელა მოხუცები) და ამდენად, განსაკუთრებით დაუცველ და არაპრივილეგირებულ პირთა ჯგუფს მიეკუთნება. ამ მიმართებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Yordanova and Others v. Bulgaria, რომელიც ბოშათა კომუნის მიერ უკანონოდ დაკავებული უძრავი ქონებიდან მათი გამოსახლების გადაწყვეტილებას შეეხებოდა. მოცემულ საქმეში სასამართლომ დაადგინა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება) დარღვევა. ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფომ განმცხადებელები სათანადოდ არ დაიცვა უსახლკაროდ დარჩენის საფრთხისგან. [..]განმცხადებლების გამოსახლების განზრახვა ისე გამოავლინა, რომ მისი თანმდევი შედეგების პრევენცია არ მოუხდენია.“ მათ შორის, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მოხუცები, ბავშვები) მდგომარეობაზე. ამ საქმეში ევროპულმასასამართლომ აღიარა, რომ კონვენცია სახელმწიფოს არ აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, განმცხადებლები უზრუნველყოს საცხოვრებლით, თუმცა სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, განსაკუთრებით დაუცველი პირები თავშესაფრით უზრუნველყოს.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დარღვევების შესახებ მაასტრიხტის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, რესურსების ნაკლებობა სახელმწიფოს არ ათავისუფლებს გარკვეული მინიმალური ვალდებულებებისგან სოციალური უფლებების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის აზრით, სახელმწიფო, სადაც ადამიანთა მნიშვნელოვან რაოდენობას ელემანტარული თავშესაფარი ან ბინა არ აქვს, prima facie ვერ ასრულებს პაქტითაღებულ ვალდებულებებს.
შესაბამისად, ფინანსური რესურსების არარსებობის საკითხია რ შეიძლება გახდეს სოციალურად დაუცველი პირების თავშესაფრის გარეშე დატოვების საფუძველი. აღნიშნულ ობიექტებში იძულებით გადაადგილებული პირების შესახლების არგუმენტი, თავის მხრივ, არ ამართლებს სახელმწიფოს მიერ სოციალურად დაუცველი პირების მიმართ არსებული ვალდებულების შეუსრულებლობას. სათანადო საცხოვრებელზე უფლების დაცვის მიზნით სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, მის ხელთ არსებული რესურსების ეფექტური დასამართლიანი გამოყენებით, მიიღოს ყველა ზომა საბინაო პრობლემების გადაწყვეტისთვის.ამგვარი ძალისხმევის გაწევის მცდელობა სახელმწიფოს განსახილველ შემთხვევაში არ უჩვენებია, რაც მის მიერ პაქტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევად უნდა განვიხილოთ.
ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, EMC მთავრობისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ყოფილი 142-ე და მე-13 სკოლების შენობებიდან (ისევე როგორც სხვა ობიექტებიდან) სოციალურად დაუცველი პირების გამოსახლების პროცესი, მანამდე, სანამარ მოხდება აღნიშნული პირების სოცილური და საბინაო საჭიროებების ინდივიდუალური დადეტალური შესწავლა და საცხოვრებლის გარეშე მყოფი დარჩენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებლით (ქირა, სოციალური საცხოვრისი) დაკმაყოფილება.
ამასთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს EMC სთხოვს საზოგადოებას, წარმოუდგინონ სტრატეგია სხვადასხვა ობიექტებში შესახლებული სოციალურად დაუცველის ოჯახების სოციალური და საბინაო პრობლემების გადაწყვეტის შესახებ, რადგან ისინი უკიდურესად არასათანადო პირობებში (ხშირ შემთხვევებში, წყლის, კანალიზაციის, გაზის, ელექტროენერგიის ), გამოსახლების მუდმივი რისკის ქვეშ ცხოვრობენ.
EMC აცნობიერებს იმ სერიოზულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, თუმცა მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სათანადო ძალისხმევა სოციალურად მოწყვლადი პირების საცხოვრებელზე უფლების უზრუნველყოფის მიზნით. სამწუხაროდ, თბილისში 25-მდე ობიექტში შესახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახები უმძიმეს და ღირსების შემლახავ პირობებში ცხოვრებენ და სახელმწიფო სათანადოდ არ მუშაობს მათი პრობლემების რეალური და თანმიმდევრული გადაწყვეტის მიზნით.
სოციალურად დაუცველი პირების უკიდურესად მძიმე მდგომარეობა უსამართლო სოციალურ-ეკონომიკური წესრიგით არის განპირობებული, რაც ფუნდამენტურ გადახედვას საჭიროებს. სამწუხაროა, რომ ეროვნული კანონმდებლობა და არსებული სოციალური დახმარების სისტემა აღნიშნულ პირებს შესაბამისი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარეშე ტოვებს და არაეფექტურია. ქვეყანაში არსებული საბინაო პრობლემების მასშტაბის გათვალისწინებით, ნათელია, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ შეიმუშავოს სისტემური მიდგომა მისი გადაწყვეტის მიზნით,”- ნათქვამია გაცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს, 29 ივლისს გაავრცელა.
