“სიმართლე არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან. სხვაგან, სადაც არ უნდა ეძიო სიმართლე, ის იქნება ან კაცობრივი სიმართლე, ან მოგონილი სიმართლე, ან სასამართლოში გადაწყვეტილი სიმართლე, ან ის, ან ეს, რომელიც შეიძლება მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, იმიტომ, რომ მაინც ადამიანის ბუნებაა ჩარეული და ეს არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. მოიძულე უსჯულოებაო, ყველას გვეუბნება, იმიტომ, რომ არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. არ მინდა ახლა ისე გაიგოთ, ჩვენ თავს წმინდანებად მივიჩნევდეთ და ვისი მისამართითაც ვლაპარაკობთ რაღაც ისე. მაგრამ ჩვენ ერთი რამ გვაკავშირებს– ჩვენი სამშობლო და ნუ გავცვლით ქვეყნის თავისუფლებას რაღაც გრანტებზე, რაღაც ფულებზე, უცხო სიახლეებზე, რომელიც უცხოა, უსჯულოებაა ჩვენთვის. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, შემდეგ ეს ადამიანები ყოველივე სიწმინდეზე უარს ამბობენ. მათთვის არც სჯული, არც ეკლესია არაფერს წარმოადგენს. ამიტომ მე ვთხოვდი ამ ადამიანებს, შეეშვან ყოველგვარი ხრიკებით უცხოეთიდან ფულის მიღებას”
მისივე თქმით, ციხეებში პატიმრების დიდი რაოდენობა გრანტებით იყო გამოწვეული:
“გაუსაძლისი პირობები იყო ციხეებში, იმაზე მეტი ადამინი იყო იქ, რაც უნდა ყოფილიყო და ეს ხდებოდა ისევ და ისევ გრანტების გამო. ერთხელ 60 მილიონი, მერე კიევ სხვა და ასე შემდეგ. უცხოეთი დიდ ფულს გვიხდიდა, რომ მეტი ციხე აგვეშენებინა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ხალხის აზრმა გაიმარჯვა და ახალი ხელისუფლებაც შეეცადა რაღაც ცვლილებები შეეტანა. 15 000–მდე ადამიანი უკვე განთავისუფლებულია”– განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.
შეგხსენებთ, რომ, საქართველოს საპატრიარქოს 2013 წლის ბიუჯეტიდან 25 000 000 ლარი გამოეყო. გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ სახელმწიფოს მიერ რელიგიური კონფესიების დაფინანსების საკითხი შეისწავლა. კვლევის მიხედვით, 2002 წლიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა 200 მილიონამდე ლარს შეადგენს.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პარალელურად, ხელისუფლების მიერ საპატრიარქოს დაფინანსებაც იზრდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც დაფინანსება ორჯერ ან სამჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუკი საპატრიარქოს დაფინანსების ოდენობა 2005 წელს 1,290,100 ლარს შეადგენდა, 2006-2007 წლებში დაფინანსება, შესაბამისად, 4,803,300 და 4,270,600 ლარი იყო, ხოლო 2008 წელს 12,933,400 ლარი გახდა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საპატრიარქოს დაფინანსება კიდევ ორჯერ – 26,394,900 ლარამდე გაიზარდა (2009 წელი). მომდევნო წლებში დაფინანსება მცირეოდენ შემცირდა (მაგალითად, 2011 წელს- 24,391,700 ლარი, 2012 წელს- 22,800,000 ლარი). ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს დახმარების ბიუჯეტი კვლავ გაიზარდა და 2013 წელს 25,000,000 ლარი შეადგინა.
აქვე აღნიშნულია, რომ გარდა დაფინანსებისა, საქართველოს მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, არაერთგზის გადასცა ქვეყნის მასშტაბით: მიწები, სკვერის ტერიტორიები თუ შენობა-ნაგებობები. საპატრიარქოს სხვადასხვა რაოდენობის თანხა და ქონება გადასცეს სამინისტროებმაც.
2006–2012 წლებში საქართველომ თავდაცვის სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა 8 388 200 ლარი, გარდა ამისა, სხვადასხვა ეპარქიებს თავდაცვის სამინისტროსგან გადაეცათ 16 სხვადასხვა მარკის ავტომობილი და საავტომობილო ნაწილები. 600 000 ლარი გადაურიცხა საპატრიარქოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული თანხა 400 000 ლარს შეადგენს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კი საპატრიარქოს 44 500 ლარით დაეხმარა, გარდა ამისა, დაუბეჭდა წიგნები, რაც 250 ათასზე მეტი ლარი დაჯდა.
