“ნაციონალურმა მოძრაობამ” საპრეზიდენტო კანდიდატი პრაიმერის გზით აირჩია. 6 სხვადასხვა ქალაქში ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევენბში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. დღეს,თბილისში გამართულ შემაჯამებელ არჩევნეში კი საბოლოოდ გამოცხადდა პრეზიდენტობის კანდიდატად.
დღევანდელი პრაიმერი, როგორც ბათუმში და ზუგდიდში გამართული პრაიმერი, აქციის ფონზე წარიმართა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პარტია “თავისუფალი საქართველოს” აქტივისტი ირაკლი ჭუბაბრია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრთან, დეპუტატ გიორგი კანდელაკთან დაპირისპირების შედეგად დააკავა პოლიციამ, ხოლო, მათივე განცხადებით, უცნობია, თუ რა გახდა ყოფილი პოლიტპატიმრის ფრიდონ მერაბაშვილის დაკავების მიზეზი.
პრაიმერის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციის მიზანი “ნაცმოძრაობის” წევრებისთვის. ე.წ. სირცხვილი დერეფნების მოწყობა იყო. აქციის ორგანიზატორები იყვნენ ყოფილი პოლიტპატიმრები და ის პირები, რომლებიც ე.წ. რეჟიმის გასამართლებას მოითხოვენ. მათი განცხადებით “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე არსებობის უფლება.
“ნაციონალური მოძრაობის” პირველი პრაიმერი ქუთაისში გაიმართა, მომდევნო ორი ტური კი, გორსა და თელავში. ყველა ზემოაღნიშნული პრაიმერი მშვიდ გარემოში ჩატარდა. ქალაქ ზუგდიდში კი “ნაციონალური მოძრაობის” დელეგატებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 პირი დააკავა, რომელიც სასამართლომ 100 -ლარიანი ჯარიმის საფასურად გაათავისუფლა.
ორი ადამიანი დააკავა პოლიციამ ქალაქ ბათუმში გამართული პრაიმერის დროს, მათ შორის, პრეზიდენტობის დარეგისტრირებული კანდიდატი მერაბ გორგაძეც. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაკავებული გორგაძე სასამართლომ იმავე დღეს გაათავისუფლა 100- ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ.
მიუხედავად აქციისა და დაკავებებისა, დღევანდელი პრაიმერი 3 საათზე დაიწყო. მონაწილეებმა 5- წუთიანი გამოსვლების შემდეგ დარბაზის შეკითხვებს უპასუხეს. პრაიმერის დასასრულს კი ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება.
პრაიმერში პარტიის ოთხი წევრი -დავით ბაქრაძე, შოთა მალაშხია, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე იღებდნენ მონაწილეობას.
