ზურაბიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა თავისი გუშინდელი განცხადებით მისი და საზოგადოების მთავარი პოლიტიკური კითხვა უპასუხოდ დატოვა:

 

“ანუ ის გარანტიას გვაძლევს, რომ რეალურად ჩატარდება საქართველოში თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები თუ არა? და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დაცული იქნება ჩემი კანონიერი უფლება ძველი ტიპის ხელოვნური პოლიტიკური შეზღუდვებისგან?!

 

სამაგიეროდ პოლიტიკურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, პრემიერმა გააკეთა არაპოლიტიკური შეფასებები, რომლებიც პიროვნულად ალბათ დამამცირებელია და სინამდვილეში არ არის ბოლომდე მართალი (საზოგადოებამ განსაჯოს: „ვითხოვდი გუნდის წევრობას, და არ მიმიღეს, რადგან არაგუნდური ვარ“ თუ თავიდანვე გუნდს ვუჭერდი მხარს ყველა შესაძლო მომენტში?! და ასე შემდეგ…)” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

 

მისივე თქმით, არ არის მოსაწონი, როდესაც პრემიერი პიროვნული საკითხების წინ წამოწევით ცდილობს გადაფაროს პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკური მიზანშეწონილობა:

 

“რაც ერთხელ უკვე ვნახეთ სხვა კანდიდატის შემთხვევაში. ჩემი მხრიდანაც არ იქნება სწორი, რომ პრემიერთან შევიდე პიროვნულ გარჩევებში და გავიხსენო ჩვენი საუბრის წვრილმანები, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საზოგადოების მთავარ კითხვას, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში სამართლიანი და პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი არჩევნები?” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

 

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაცია ჰქონდა სალომე ზურაბიშვილთან:

 

“მე სალომე ზურაბიშვილს ვუთხარი, რომ ეს არის გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც პოლიტსაბჭომ დაუჭირა მხარი. ვუთხარი, რომ, შესაბამისად, მე თქვენი კანდიდატურა არ განმიხილავს. მე შევახსენე მას, რომ თქვენ ხომ მერობაზე საუბრობდით ძირითადად–მეთქი. მან მითხრა, რომ არა, მე მერობა აღარ მინდა, რომ იქ მძიმე სიტუაციაა და იქ შეყრილი ხალხია და რთულია სამართავად. მან მკითხა, თქვენი რეაქცია რა იქნებაო? მესამედ რომ მკითხა, მე უხერხულად ვიგრძენი თავი და ვუთხარი, რომ მე მყავს ჩემი კანდიდატურა, ორ კანდიდატს ხომ არ დავუჭერ მხარს.” 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *