„დადგენილებაში სასულიერო პირების ბრალდების შესახებ სასულიერო პირები მოხსენიებული არიან საერო სახელებით, რაც არის უპატივცემულობა ეკლესიის მიმართ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაფორმებული აქვს კონკორდატი და მსგავსი უპატივცემულობის გამო დადგენილება მამა იონათამის ბრალდების შესახებ ეწინააღმდეგება კონკორდატს“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე მამა იოთამის(ირაკლი ბასილაიას) ადვოკატმა ლელა შავაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 ივლისს გაიმართა წინასასამართლო სხდომა 17 მაისი მოვლენების გამო ბრალდებულთა საქმეზე. დამსწრეთა სიმრავლის გამო პოცესი ყველაზე დიდ, 150 პირზე გათვლილ დარბაზში ჩატარდა. წინა სხდომისგან განსხვავებით, დღევანდელი პროცესი უფრო ორგანიზებული იყო, ჟურნალისტებმაც თავისუფლად შეძლეს დარბაზში შესვლა და ქაოსი არ ყოფილა.
დღევანდლ სხდომაზე პროკურორმა სასამართლოს გააცნო მტკიცებულებების ნუსხა, გარდა ამისა, დაცვის მხარემ შუამდგომლობები დააყენა, რის შემდეგაც პროცესი 1 აგვისტოსთვის გადაიდო. მიზეზი მოსამართლისა და ადვოკატთა ნაწილის მოუცლელობა გახდა.
წინასასამართლო სხდომას ესწრებოდა ხუთივე ბრალდებული. თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილის ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ბრალდებულებს, მათ შორის სასულიერო პირებს, ერთზე მეტი ადვოკატი ყავთ. თუმცა, სასამართლო განხილვაში ადვოკატის გარეშე მონაწილეობს მეხუთე ბრალდებული ტიტალ დავრიშიანი. ის სხვა საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ დააკავეს. დღევანდელ სასამართლო სხომაზე მან განაცხადა, რომ საკუთარ უფლებებს თავად დაიცავს, თუმცა იმის გამო, რომ სხვადასხვა სამართლებრივ პროცედურებში ვერ ერკვეოდა, მოსამართლეს დეტალურად მოუწია მისთვის საკითხების განმარტება.
ბრალდებული სასულიერო პირების ადვოკატებმა დღეს დააყენეს შუამდგომლობა, სასამართლომ დაუშვებლად ცნოს ირაკლი ბასილაიას(მამა იოთამი) და თამაზ ბიჩინაშვილის(მამა ანთიმოზი) ბრალდების შესახებ დადგენილება.
ბიჩინაშვილის ადვოკატ ბესარიონ ქარცივაძეს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ მოუწოდა, რომ სასამართლოში ბრალდებული მოეხსენიებინა საერო სახელით, რადგან სამართალწარმოების ენა სასულიერო წოდებების ხსენებას არ ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, ადვოკტი ბრალდებულს მაინც მამა ანთიმოზის სახელით ახსენებდა.
„მამა ანთიმოზის ბრალდების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ ის არის შეკრების ხელშეშლის ორგანიზატორი, მან 17 მაისს გაარღვია კორდონი, დაიწყო აგრესიული მოწოდება განსხვავებული შეხედულების ადამიანებისადმი, რის შემდეგაც ისინი აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, რის შემდეგაც მათ დაიკავეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი ტერიტორია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ადვოკატმა ბესარიონ ქარცივაძემ. მისი მტკიცებით, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, აგრეთვე, მოწმეების არცერთი ჩვენება, რომელიც ამ ფაქტთან მამა ანთიმოზის კავშირს დაადასტურებს.
„რა აგრესიაზეა საუბარი? ვინმესთვის აგრესია შეიძლება იყოს მიმიკა, მზერა, რას მიიჩნევს პროკურატურა აგრესიად, მამა ანთიმოზის მკაცრ გამოხედვას?“ – თქვა სასამართლო პროცესზე თამაზ ბიჩინაჩვილის(მამა ანთიმოზი) ადვოკატმა. მისივე განცხადებით, ბრალდებამ ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მამა ანთიმოზმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ, ორ პირს, ან პირთა ჯგუფს.

ბესარიონ ქარცივაძის თქმით, საქმეს მტკიცებულებად დართული აქვს „რუსთავი 2“–დან მიღებული ვიდეომასალა, რომელსაც აწერია, რომ დამონტაჟებულია. მისივე განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ ვიდეო, რომელშიც თამაზ ბიჩინაშვილის(მამა ანთიმოზი) გინება ისმის, შესაძლოა იყოს დამონტაჟებული, სხვა ხმა ჰქონდეს დადებული და ა.შ. ადვოკატის მტკიცებით, დადგენილი არ არის ამ ვიდეომასალათა ავთენტურობა და ნამდვილობა.
იგივე ამტკიცებს მეორე სასულიერო პირის, ირაკლი ბასილაიას(მამა იოთამი) ადვოკატი ლელა შავაძე. მისივე განცხადებით, გარდა იმისა, რომ დადგენილება ბრალდების შესახებ კონკორდატს არ შეესაბამება, მასში არარეალური ფაქტებია ასახული, რომელიც არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით.
„ბრალდების შესახებ დადგენილებაში წერია, რომ მამა იოთამმა გაარღვია პოლიციის კორდონი, ხელი დაარტყა პოლიციელს, აგრესიული მოქმედებებისკენ მოუწოდებდა მხარდამჭერებს და ის იყო ამ შეკრების ერთ–ერთი ორგანიზატორი“, – განაცხადა ლელა შავაძემ სასამართლო პროცესზე.
ცნობს თუ არა დაუშვებლად სასამართლო სასულიერო პირების ბრალდების შესახებ დადგენილებებს, ეს 1 აგვისტოს, მას შემდეგ გაირკვევა, რაც აღნიშნულ შუამდგომლობაზე ცნობილი გახდება პროკურორის პოზიცია.
პროკურორის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დაიკითხება ათეულობით მოწმე, რომელთა შორის არიან ვლადიმერ სადღობელაშვილი, ლაშა ჟვანია, ასევე, გამომძიებლები, ექსპერტები, 17 მაისის აქციის მონაწილეები და მათი მოწინაღმდეგეები. გარდა ამისა, საქმეს მტკიცებულებად დართული აქვს დამტვრეული ავტომობილების, მათ შორის მირკოავტობუსისა და ავტობუსის დათავლიერების ოქმები, სხვადასხვა ტელეკომპანიიდან მიღებული და ვებგვერდიდან ჩამოტვირთული ვიდეომასალები, თუმცა პროკურორს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ვიდეომასალებზეა საუბარი.
“ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრისა” და “ნეტგაზეთის” მიერ 17 მაისს გადაღებულ ვიდეომასალებში ჩანს თამაზ ბიჩინაშვილი(მამა ანთიმოზი), რომელიც იგინება. აღნიშნული ვიდეოები ორი დამოუკიდბელი კამერით, სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერაა გადაღებული. ჯერჯერობით, სამართალდამცავ უწყებებს რედაქციებისგან არ მოუთხოვიათ ამ ვიდეომასალის ორიგინალები, რომ დაედასტურებინათ ვიდეოჩანაწერების ნამდვილობა.
17 მაისს „ნეტგაზეთის“ მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში გარკვევით ჩანს, თუ როგორ იღებს ხელში რკინის სკამს მეორე ბრალდებული სასულიერო პირი ირაკლი ბასილაია(მამა იოთამი). ის მოგვიანებით არაერთმა ფოტორეპორტიორმა დააფიქსირა ფოტოზე სკამით ხელში. ამავე ვიდეოზეა აღბეჭდილი თამაზ ბიჩინაშვილი(მამა ანთიმოზი).
ვიდეო “ნეტგაზეთის” არქივიდან: 17 მაისი, 2013
