სამი შვილის დედა ნინო [სახელი შეცვლილია] სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებაში თითქმის ექვსი წლის მანძილზე იხდიდა სასჯელს და ამ პერიოდში შვილების ნახვა რამდენჯერმე მოახერხა. როცა დააპატიმრეს [2007 წლის აპრილში], უფროსი შვილი 4 წლის იყო, უმცროსი – 10 თვის. იმის გამო, რომ მცირეწლოვან შვილებთან კონტაქტი არ გაეწყვიტა, სასჯელის გადავადება ითხოვა:

 

“კანონმდებლობით არსებობდა საშუალება განაჩენის აღსრულების გადავადების, ანუ შემეძლო გადავადებით მესარგებლა, სანამ ჩემი ყველაზე პატარა შვილი შესრულდებოდა 5 წლის. ზუსტად რვაჯერ მითხრეს უარი. ექვს თვეში ერთხელ შემეძლო მიმემართა სასამართლოსთვის და რვაჯერ მივმართე, მიზეზად ეწერა მხოლოდ ის, რომ ჩემთან მიმართებაში სასჯელის მიზანი არ იყო მიღწეული”.

 

ამის შემდეგ ნინომ გადაწყვიტა დაწესებულებაში შვილების შეყვანის უფლება მოეპოვებინა. პატიმრობის კოდექსის თანახმად, “დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ნებართვითა და ადმინისტრაციის თანხმობით, შეიძლება დედისა და 3 წლამდე ბავშვისათვის ერთად ცხოვრების პირობების შექმნა”.

 

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სამსახურისგან უმცროსი შვილის შეყვანაზე თანხმობა მიიღო, ადმინისტრაციამ მას ამის უფლება არ მისცა:

 

“მივმართე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დათო ჭაკუა იყო მაშინ. სოციალური სამსახურის უფროსისგან მქონდა თანხმობა, მაგრამ უარი მითხრეს იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურა რეალურად არ არსებობდა, იყო მხოლოდ ორი ოთახი და იმ ოთახში 6–7 ბავშვი ცხოვრობდა”.

 

მას შემდეგ, რაც სასჯელის გადავადებასა და შვილების ციხეში შეყვანაზე უარი უთხრეს, ნინო ცდილობდა პაემნის საშუალებით მაინც ხშირად მოენახულებინა შვილები:

 

“როცა სოციალურ მუშაკს მივმართე, რომ შვილების ნახვა მინდოდა, ისინი ჩემს ქმართან მივიდნენ. მან უპასუხა, რომ ამის საშუალება არ ჰქონდა და ამით ყველაფერი დამთავრდა… მე ხშირად შემხვედრია დედა, რომლის ქმარიც ციხეშია და რომელსაც ბავშვი მუდმივად დაჰყავს მამასთან, სამწუხაროდ, მამები იმავეს არ აკეთებენ. როდესაც დედა მოხვდება ციხეში, ისინი მას შორდებიან, ისევე როგორც მე გამშორდა მეუღლე”.

 

ნინო 2012 წლის ნოემბერში ვადაზე ადრე გათავისუფლდა პატიმრობიდან. მისი თქმით, გათავისუფლების შემდეგ ერთ–ერთი ყველაზე რთული მომენტი დადგა:

 

“ძნელია ურთიერთობა შვილთან, რომელთანაც წლების მანძილზე არ გქონდა შეხვედრის და დალაპარაკების საშუალება. განსაკუთრებით ძნელია, თუ დედას საცხოვრებელი პირობები და სამსახური არ აქვს. არავინ თქვას, რომ დედა–შვილობა სხვაა და დედის და ბავშვის ურთიერთობა მაინც მიმდინარეობს – როცა კომუნიკაცია აღარ არსებობს, ესეც წყდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს და სავალდებულო გახდეს პატიმარ დედებსა და შვილებს შორის მუდმივი კონტაქტი”, – ამბობს ნინო.

 

როგორც ფსიქოლოგი ნინო ლორთქიფანიძე აცხადებს, ციხეში დედის მონახულება ბავშვისთვის დიდი სტრესია, თუმცა ბავშვისთვის უფრო რთულია, როდესაც დედას ვერ ნახულობს:

 

“დედის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნახვას სტრესი, რა თქმა უნდა, ახლავს, მაგრამ ამაში ბავშვს უნდა ეხმარებოდეს და ამზადებდეს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ფსიქოლოგმა მას უნდა მისცეს საშუალება დაიცალოს ემოციებისგან, როდესაც შეხვედრიდან გამოვა. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს უზრუნველყოფილი არაა, ამიტომ ბავში, რომელსაც დედასთან წლებია კონტაქტი არ ჰქონია, შემდეგ გაუცხოებას და უფრო დიდ სტრესს განიცდის, უწევს საკუთარ თავთან ბრძოლა”.

 

ფსიქოლოგის თქმით, ასევე დიდ სტრესს განიცდიან დედები, რომელთაც სამი წლის მანძილზე ბავშვები დაწესებულებაში თავისთან ჰყავთ და შემდეგ დაშორება უწევთ.

 

სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებაში ქალ პატიმართა უფლებებისა და მათი რეალიზაციის საკითხს “საქართველოს პროფესიონალ ფსიქოლოგთა ასოციაციის” და არასამთავრობო ორგანიზაცია “გოგონები და გენდერული განათლების” წევრები 2013 წლის იანვრიდან იკვლევენ. კვლევის ფარგლებში 295 ქალი პატიმარი გამოიკითხა, აქედან 125 – არასრულწლოვანი ბავშვის დედაა.

 

ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამჟამად ციხეში შვილები ქალი პატიმრების 5%–ს ჰყავს, ბავშვების 63% მამასთან ან/და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობს, პატიმარ ქალთა 49% განქორწინებულია, ხოლო პატიმარი ქალების 32%-ს დედობის სტატუსი შეჩერებული აქვს. კვლევის თანახმად, საკუთარ ფინანსური მდგომარეობის შეფასებისას ქალების 48% მიუთითებს, რომ ღარიბი ან ძალიან ღარიბია.

 

კვლევის თანახმად, შვილებთან კონტაქტი ყველაზე მეტად იმ დედებს უჭირთ, რომელთა შვილებიც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან. მათ დედობის სტატუსი დროებით შეჩერებული აქვთ და მათი შვილები საოჯახო ტიპის დაწესებულებებში არიან განთავსებული, საიდანაც დედის სანახავად მათ მიყვანას არავინ უზრუნველყოფს.

 

კვლევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროექტის “პატიმარ ქალთა უფლებები: ადვოკატირება და საკანონმდებლო ცვლილებების” ფარგლებში ტარდებოდა, როგორც პროექტის დირექტორი ანა კანჯარაძე აცხადებს, ამ და სხვა საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მუშავდება:

 

“ჩვენ მომავალში დაგემილი გვაქვს არაერთი შეხვედრა, შევიმუშავებთ საკანონმდებლო ცვლილებებს და შევეცდებით მივაწოდოთ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, იმედი გვაქვს, რომ გაითვალისწინებენ”.

 

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, თუკი კანონპროექტი შემუშავდება, მას აუცილებლად განიხილავენ, თუმცა ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული ცვლილების განხორციელება დაგეგმილი არაა და პრობლემები არც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით არსებობს:

 

“ქალთა დაწესებულებაში არის ცალკე შენობა, საკმაოდ კომფორტული და ყველანაირი პირობაა შქმნილი იმისთვის, რომ დედები და შვილები იქ განთავსდნენ, ძალიან კარგი ოთახებია, კარგი სამზარეულო და საშხაპეებია, ბავშვებისთვის რაც საჭიროა, ყველაფერი არის. ამჟამად ეს მდგომარეობაა და თუ კანონპროექტი შემოვა რაიმე კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მინის ტიხარი იქნება თუ სხვა, ჩვენ საფუძვლიანად გავეცნობით, შესაძლოა, იქ რაც ეწერება, ყველაფერი მისაღები იყოს, შესაძლოა ნაწილობრივ, მაგრამ წინასწარ ვერ ვისაუბრებთ”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” სასჯელაღსრულების სამინისტროში.

 

ნინო – ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მინის ბარიერები პაემნის დროს:

 

“მინის ბარიერის ჩამოყალიბების შემდეგ მე ჩემი შვილები ვნახე მხოლოდ ორჯერ. მინის იქიდან ძალიან ძნელია, ბავშვი აცნობიერებს, რომ დედასთან მიკარების უფლება არ აქვს, ათასი კითხვა უჩნდება – რატომ? რისთვის? დედა საშიშია? უფრო მეტად ხდება სტრესირებული ბავშვი და დედებიც იკავებენ თავს ამის გამო მათი მონახულებისგან”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *