ანგარიში ჟურნალისტებს GDI-ის ხელმძღვანელმა, საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

გააცნო.

 

ანგარიშში ასახულია რამდენიმე ისეთი შემთხვევა, რომელიც საანგარიშო პერიოდს სცდება, მაგრამ მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე ორგანიზაციამ აუცილებლად მიიჩნია ამ თემების განხილვა მოცემული ანგარიშის ფორმატში.

 

48–გვერდიან დოკუმენტში მოცემულია შეფასებები სახელმწიფოს როლისა და რეაგირების შესახებ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე, მსჯელობა პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულ პირთა მიმართ განხორციელებული ამნისტიის კანონის უზენაესობის პრინციპთან შესაბამისობაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, სამართალდამცავ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, თავისუფლებისა და ხელშეუვალობის, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების, შეკრება – მანიფესტაციის უფლების რეალიზების, რელიგიური შეუწყნარებლობის, ადგილობრივ თვითმართველობებზე ზეწოლისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აღნიშნავს სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა სფეროში რიგი მიმართულებებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს. იმავდროულად,  ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ამ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელთა გამოსწორება და პრევენცია, GDI-ის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის.

 

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ანგარიშში აღნიშნავს, რომ პატიმართა წამებისთვის ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებით მთავარმა პროკურორმა კანონი დაარღვია.

 

ორგანიზაციის შეფასებით, პროკურორმა გადააჭარბა კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და საერთაშორისო ვალდებულებათა საწინააღმდეგოდ წამებაში ბრალდებული პირი სრულად გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან. მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს და ქმნის მსგავსი ტიპის დანაშაულთა წახალისების საფრთხეს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკა ლახავს დაზარალებულ პირთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

 

“შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა სახელმწიფოს მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გასაჯაროება, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღმოჩენილი იქნა სპეციალურ სამალავებში. სახელმწიფომ  წამების ფაქტებზე რეაგირება კანონის სრული სიმკაცრით უნდა მოახდინოს, თუმცა ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება მართლმსაჯულების ფარგლებში მოხდეს და ამან დამატებითი ზიანი არ მიაყენოს წამების მსხვერპლთა ინტერესებს.  მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან კადრების გასაჯაროება ზიანს აყენებს წამების მსხვერპლთა ინეტერესებს და ქმნის მათდამი ფსიქიკური ტკივილის განმეორებით მიყენების  რეალურ საფრთხეს.

 

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ კადრების საზოგადოებისთვის ჩვენება დაზარალებულებს და მათი ოჯახის წევრებს დამატებით სულიერ ტანჯვას აყენებს, რაც მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნებთან წინააღმდეგობაში მოდის. აბსოლუტურად გაუგებარია,  რომელი სამართლებრივი ინტერესის დასაცავად ახდენს სახელმწიფო ხსენებული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი იმთავითვე ნდობას გამოხატავს კადრების ავთენტურობასთან დაკავშირებით”, – წერს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ მომზადებულ ანგარიშში GDI, რომლის ნახვა შესაძლებელია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *