“აღნიშნული საკითხი განისაზღვრება კანონმდებლობით. იუსტიციის სამინსიტროსთვის გახდა ცნობილი პარლამენტის ინიციატივის შესახებ. თუკი ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბუნებრივია, იუსტიციის სამინსიტრო არის მზად იკისროს ამ მოვალეობის შესრულება და სრულყოფილად მოახდინოს სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა”.
ჯანდიერის განცხადებით, თუ ეს ინიციატივა რეალურად განხორციელდება და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოდან იუსტიციის სამინისტროში გადავა, უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაინიშნოს თავმჯდომარედ.
“დღევანდელი მდგომარეობით იუსტიციის სამინისტროდან უწყებათაშორისი კომისიის წევრი ვარ მე, ისევე როგორც შუალედურ არჩევნებზე ვიყავი მე”, – ამბობს იგი.
კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ კომისიის თავმჯდომარედ იგი დაინიშნოს, ჯანდიერი ასე პასუხობს:
“მე ეს არ ვიცი”.
უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, შესაძლოა, უშიშროების საბჭოს გამოეყოს და იუსტიციის სამინისტროსთან გააგრძელოს ფუნქციონირება.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც საარჩევნო საკითხებს ეხება და საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ცვლილებათა ზემოხსენებული პაკეტი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააცნო.
“უწყებათაშორისი კომისია ფუნქციონირებდა უშიშროების საბჭოსთან და უშიშროების საბჭოს ნორმალურ ქვეყანაში არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნო კამპანიასთან. უშიშროების საბჭო პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე და არა არჩევნებზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვტოვებთ უწყებათაშორის კომისიას იმიტომ, რომ ეს იყო დაჟინებული მოთხოვნა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, უბრალოდ მას ამიერიდან უხელმძღვანელებს იუსტიციის სამინისტრო”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში ჩართული არასამთავარობო სექტორი ითხოვდა უწყებათაშორის კომისიის მთავრობაში გადატანას. იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ეს კომისია პრემიერ–მინისტრს დაქვემდებარებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ კომისია იუსტიციის სამინისტროსთან იფუნქციონირებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ უხელმძღვანელებს კომისიას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თუ მისი რომელიმე მოადგილე. ქუცნაშვილის თქმით, მისი სურვილია, რომ კომისიას წულუკიანმა უხელმძღვანელოს.
ზემოხსენებული კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება საქართველოს პარლამენტში ივლისის ერთ–ერთ საგანგებო სესიაზე. როგორც ცნობილია, დღეისათვის უწყებათაშორის კომისიას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. იმ შემთხვევაში, თუ ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევა, ქუცნაშვილის თქმით, შეიცვლება კომისიის თავმჯდომარე და მოხდება ახალი წევრების დანიშვნა.
