ივანე ჯავახეიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ: ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე , მარინე ჩიტაშვილი და ნესა მერაბიშვილი.
უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გათავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ორი კანდიდატის განცხადება ხარვეზის გამო განხილული იქნება ოთხშაბათს, 17 ივლისს.
ამჟამად რექტორის მოვალეობას ალექსანდრე კვიტაშვილი ასრულებს. ალექსანდრე კვიტაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას 2010 წლის შემოდგომიდან იკავებს, თუმცა 2013 წლის ივნისში იგი რექტორის თანამდებობიდან გადაგა.
ალექსანდრე კვიტაშვილმა გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საკანონმდებლო ცვლილებები. უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”
“კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.
ალექსანდრე კვიტაშვილს დოქტორის ხარისხი არ გააჩნია, რის გამოც მან 12 ივნისს საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
არჩევნები 2013 წლის 16 აგვისტოს შედგება.
