“შინაური შეხვედრაა სხვადასხვა თემებზე, ფრაქციასთან ცალკე შეხვედრა მექნება, უმრავლესობის წარმომადგენლებთან კი, ცალკე. თავად აქვთ ბევრი კითხვები, დიდი ხანია არ შევხვედრივარ. საპრეზიდენტო არჩევნებიც განიხილება დღევანდელ თემებს შორის”– განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრას ესწრება კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. მისი თქმით, განათლების მინისტრის თანამდებობაზე მისი შემცვლელის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილთან უკვე განიხილა.
გიორგი მარგველაშვილს კანონი არ ავალდებულებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატობის გამო ამჟამად დაკავებული თანამდებობა დატოვოს, თუმცა მან განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კამპანიისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობიდან გადადგება. მისი თქმით, შემცვლელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
“რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ ვემზადებით უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღონისძიებისათვის, ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები და ამ თვალსაზრისით საჭიროა კოორდინაცია და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება”– განაცხადა მარგველაშვილმა.
პრემიერ–მინისტრისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა 11 საათზე დაიწყო.
