აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ესაუბრა.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ მამუკა ივანიაძის ადვოკატისგან დოკუმენტებს ელოდება, რომლის შესწავლის შემდეგ კომიტეტი დასკვნას გააკეთებს:
“ივანიაძის განცხადებაზე, რომ გიორგი დავითაშვილი ახდენდა მასზე ზეწოლას და დასახელებული იქნა ადვოკატის მხრიდან ეს გვარი, ბუნებრივია, ყურადღებას იპყრობს. ფაქტი არის თავად მნიშვნელოვანი და ვესაუბრე ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს, რომელსაც ადრეც ჰქონდა მცდელობა საუბრის. დღესაც ვესაუბრე და ვუთხარი, რომ თუ ასეთი კონკრეტული ფაქტი აქვს დარღვევებთან დაკავშირებით, რომ პროკურორი ახდენდა ამგვარ ზეწოლას, მე მზად ვარ, რომ შევისწავლო ეს ფაქტი. ველოდები, მასალებს მომაწვდიან და შესწავლის შემდეგ კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ დასკვნას გავაკეთებთ.”

ბესელია ასევე აღნიშნავს, რომ პროკურორი გიორგი დავითაშვილი, მისი ინფორმაციით, მოწმეებზე და ბრალდებულებებზე ზეწოლას წინა ხელისუფლების დროს ახდენდა:
“რაც შეეხება თავად პროკურორს, ეს გვარი კარგად არის ჩემთვის ნაცნობი. ის აჭარის პროკურორი იყო. მაისის მოვლენების დროს დაკავებული პირების საქმეებში და არა მარტო, ეს პროკურორი ხშირად ჩნდებოდა, როგორც პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი. მის წინააღმდეგ არის რამდენიმე საჩივარი შეტანილი გენერალურ ინსპექციაში. დაკითხვის დროს მტკიცებულების ფალსიფიკაცია, ზეწოლა მოწმეზე თუ დაკავებულ პირზე, რომ შეცვალოს ადვოკატი და ა.შ. ასეთი ფაქტები ჩემთვის ადრეც იყო ცნობილი ამ პროკურორის მიმართ, ამიტომ მეცნო ეს გვარი და მივიჩნიე, რომ ეს უფრო საყურადღებოა, როდესაც დღეს ის მთავარ პროკურტურაშია გადმოყვანილი. “
ბესელია გენერალურ ინსპექციას მოუწოდებს, დავითაშვილის წინააღმდეგ შეტანილი განცხადებები შეისწავლის. მისივე თქმით, არ აქვს საფუძველი, რომ ივანიაძის და ადვოკატების განცხადებაში ეჭვი შეიტანოს:
“ამიტომ – ერთი, რომ გენერალურ ინსპექციას მინდა მივმართო, რომ დაინტერესდეს ამ პროკურორის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრებით და შეისწავლოს, და ამავე დროს ჩვენც შევისწავლით ამ პროკურორის ქმედების კანონიერებას. თუ დადასტურდება, რომ ის ზეწოლას ახდენდა მართლაც და არა მაქვს ამ ეტაპზე საფუძველი, ეჭვი შევიტანო მოწმის ან ადვოკატების განცხადებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჩაიდოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს.”
ივანიაძე ამბობს, რომ 23- გვერდიანი ჩვენება პროკურორის – გიორგი დავითაშვილის კარნახით და ზეწოლით დაწერა. მისი განცხადებით, იძულებით მიცემული ჩვენების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერთიფიკაციების დამდგენი ჯგუფის თავმჯდომარე კონსტანტინე ხუცაიძე დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა.
მამუკა ივანიაძემ დაკავების შემდეგ ადვოკატ სოსო ბარათაშვილის მომსახურებაზე უარი განაცხადა და სახაზინო ადვოკატი მოითხოვა. იავანიაძე ამბობს, რომ ეს პროკურატურის ზეწოლის შედეგად გააკეთა. რაც შეეხება 23-გვერდიან ჩვენებას, ბრალდებული ამბობს, რომ ის “ტრაქტორების საქმეზე” დაკავებულების, საკუთარი თავის და ასევე კონსტანტინე ხუცაიძის წინააღმდეგ არის მიმართული. მას ჩვენება არ წაუკითხავს, ხელი ისე მოაწერა.
