“იმ დროს, როდესაც ბრალდება წარგვიდგინეს, მორალურად და ფსიქოლოგიურად  მზად არ ვიყავი, რომ ბრალდებას გავცნობოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიზიარებ ბრალდებაში წარმოდგენილ მთელ პათოსს და არა მარტო ვიზიარებ, მოვითხოვ, რომ ჩემ მიმართ შეფარდებული იყოს აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა. რათა დაკმაყოფილებული იყოს მოსახლეობის შესაბამისი ინტერესი და დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ მე კომპანიის მართვაში არ ვმონაწილეობდი 7 წლის განმავლობაში იმის გამო, რომ ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ჩემთვის ცნობილი იყო ყველაფერი, რაც კომპანიაში ხდებოდა, ბრალდების წარდგენის დროს შემექმნა შთაბეჭდილება, რომ კონკრეტულად ბრალდების წარდგენის მომენტი იყო სხვა სიტუაციის გადაფარვის მცდელობა” – განაცხადა რუსუსდან კერვალიშვილმა. 

 

თბილისის პროკურატურამ “ცენტრ პოინტის” და “დექსუსის” დამფუძნებლებს თაღლითობის და მითვისების მუხლით ბრალდება წაუყენა.

 

გამოძიების ცნობით, ამხანაგობა “თაბუკაშვილი 88”-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების უკანონო დასაკუთრებაში იმხილებიან “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და 50% წილის მფლობელები- რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი, ასევე, ივანე ცაგურია – კომპანია “დექსუსის” დამფუძნებელი და 33% წილის მფლობელი.

გამოძიების ცნობით, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88″-ის წევრების მიერ 2004-2009 წლებში ამავე ამხანაგობის წევრების ბინათმშენებლობისათვის მოზიდულ იქნა 27 701 299,13 აშშ დოლარი, მათ შორის უშუალოდ მენაშენეების შენატანები, შეადგენდა 23 380 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

 

გამოძიების ინფორმაციით, მენაშენეთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების  „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებელთა  მიერ წინასწარ შეთანხმებული და სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მართლსაწინააღმდეგო დასაკუთრების გამო შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება და მშენებლობის  დასრულება:

 

“ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის პროექტიდან სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით მაია რჩეულიშვილმა ამავე ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1 მილიონ 65 ათას 159 აშშ დოლარი, რუსუდან კერვალიშვილმა – 1 833 806 აშშ დოლარი, ასევე, 185 069 ფუნტი სტერლინგი, ხოლო მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს 2 023 202 აშშ დოლარი და 2 403 750 ლარი. ჯამში, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ სხვადასხვა გზით მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი”, – აცხადებენ თბილისის პროკურატურაში.

 

რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს ბრალდება წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს თაღლითობას წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (მითვისება წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით).

 

ხოლო ივანე ცაგურიას – სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს დახმარებას თაღლითობაში წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (გაფლანაგვს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით).

 

გამოძიების მოთხოვნით, დაყადაღებულია “ცენტრ პოინტი ჯგუფის” და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების და კომპანიების არაერთი უძრავი ქონება და ასევე, შპს “ალიანს კაპიტალის” საკუთრებაში რიცხული არაერთი უძრავი ქონება.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *