ვაშაძის თქმით, ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არის სამ მნიშვნელოვან პრინციპზე დაფუძნებული მოძრაობა: 1. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება; 2. პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება და 3. ქვეყნის მოდერნიზაცია, გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება.

 

“ჩემთვის ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არის საქმის კეთება შენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვჭირდება მეტი მცოდნე, განათლებული, საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამიანი. ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის უბრალოდ გულზე მჯიღის ცემა. ეს არის რეალური საქმის კეთება შენი ქვეყნისათვის. ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელოს თქმა შენი ქვეყნისათვის. ეს არის ფიქრი და გულწრფელი დამოკიდებულება შენი სამშობლოს მომავლისადმი. ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის ჩვენი კულტურის შემოზღუდვა და ჩაკეტვა. ჩემთვის ეს არის უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მთელ მსოფიოში გატანა და ჩვენი ღირებულებების, ღირსებების, ტრადიციების მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა და გაზიარება.

 

ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის ბოღმა და გაუტანლობა. ეს არის სიყვარული, შენდობა და ურთიერთპატივისცემა. ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის ერთეულთა ხვედრი. ეს არის ყველასთვის – თითოეული ჩვენგანისთვის კარგად გასაგები, ხელშესახები რეალობა. ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის მხოლოდ ეთნიკურ ქართველთა მოძრაობა. ეს არის საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსის მოძრაობა, რადგან ჩვენ, ყველანი ერთად ქართველები ვართ და ჩვენ ვქმნით ჩვენს ულამაზეს სამშობლოს.

 

ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის სიძულვილი და შუღლი რელიგიურ კონფესიებს შორის. ეს არის პატივისცემა და თანადგომა, თანაცხოვრება რელიგიურ კონფესიებს შორის. მე ამას ჩემი ქრისტიანობა, ჩემი მართმადიდებლობა მასწავლის.
ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არის სრულიად თანამედროვე სამყაროში, ოცდამეერთე საუკუნეში ახლებურად გააზრებული საქართველო.

 

ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის პატარა საქართველო. ეს არის გლობალურ სამყაროში მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი საქართველო. ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის რუსეთის სიძულვილი. ეს არის პრინციპული პოლიტიკა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რისი საბოლოო მიზანიც მათი მხრიდან ჩვენი პარტნიორად აღიარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს.

 

ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის რომელიმე ძალის, თუნდაც ამერიკის ან ევროკავშირის ინტერესების დაცვა. ეს არის ჩვენი საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე თანამედროვე სამყაროს სრულუფლებიანი წევრობა. ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არის მოძრაობა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის ზედაპირული მსჯელობა. ეს არის სიღრმისეული ანალიზი და ანალიზის შედეგად გადადგმული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის სიმართლის თქმის თავიდან აცილება. ეს არის სიმართლის თქმა და სწორი ცხოვრების წესით ცხოვრება. ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არის ჩვენი ტრადიციების ჩვენი კულტურის პატივისცემა.
ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის ხელჩაქნეული ლოდინი იმისა, რომ ვიღაც მოვა და თავზე დოვლათს დაგაყრის. ეს არის 24- საათიანი მუხლჩაუხრელი შრომა საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის და საკუთარი ქვეყნის, ჩვენი მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის. ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის ოცნება, მიუღწეველი კატეგორია. ეს არის რეალური, ხელშესახები შესაძლებლობა, რისი რეალიზებაც ჩვენს ხელშია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ვაშაძის თქმით, აქედან გამომდინარე “ნაციონალური მოძრაობა” დღეიდან იწყებს მუშაობას:

“ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არის მოძრაობა, რომელიც ჩვენ ახალ, განვითარებულ საქართველოში მიგვიყვანს.
ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს უნდა იყოს საქართველო, სადაც თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, თვითრეალიზების სრული შესაძლებლობა ექნება. ილია ჭავჭავაძისთვის ამ ახალი საქართველოსკენ გზა მხოლოდ ცოდნაზე გადიოდა. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ილიას გზა, ჩვენ გვჭირდება ცოდნაზე, ოღონდ თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული ახალი საქართველო.”

 

ვაშაძის თქმით, ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს ვერ იქნება მხოლოდ პრივილეგირებულთა მოძრაობა. ეს იქნება საყოველთაო, ყველასთვის კარგად გასაგები და ნათელი მოძრაობა;

 

“ახალი ეროვნული მოძრაობა – ეს არ არის უტოპიური, მიუღწეველი ტყუილი. ეს არის სიმართლე, რეალური და კარგად გათვლილი მომავალი. მე მჯერა, ჩემი შვილები იცხოვრობენ განვითარებულ საქართველოში! მე მჯერა, მე ვიცხოვრებ განვითარებულ საქართველოში! მე მჯერა, ჩემი მშობლები იცხოვრობენ განვითარებულ საქართველოში! მე მჯერა, თითეული ჩვენგანი, გულანთებული ადამიანი იცხოვრებს განვითარებულ საქართველოში! სწორედ ამიტომ, მე თქვენ წინაშე ვდებ პირობას, რომ

 

– ბოლომდე დავიხარჯები თითოეული ჩვენგანისთვის

 

– ბოლომდე დავიხარჯები საქვეყნო საქმის კეთებაში 

 

დიდი მორიდებით, დიდი თავმდაბლობით გთხოვთ თქვენც – მოდით, ყველანი ერთად დავიხარჯოთ საქვეყნო საქმის კეთებაში და მჩქეფარე თერგივით, ბობოქარი თერგივით ჩვენი ახალი მოძრაობით მშვიდობიანად მივიდეთ განვითარებულ საქართველომდე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელიც უძღვება თბილისში, რუსთაველის გამზირზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელ აქციას.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *