როგორც კბილაშვილმა დღეს მთავარ პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს, რადგან ამან შეიძლება გამოძიებას ავნოს:

“ჟვანიას საქმე, ეს არის ის საქმე, რომელსაც ყველაზე მეტად ესაჭიეროება მშვიდ პირობებში გამოძიება და მართლაც ჩვენ ვცდილობთ, რომ იმ გამომძიებელს, რომელიც ამ საქმეზე მუშაობს, სწორედ ასეთი სამუშაო პირობა შევუქმნათ. ეს გამომძიებელი ძალიან კარგად მუშაობს და აანალიზებს შექმნილ სიტუაციას. აქ იკვეთება ძალიან საგულისხმო სიახლე. ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი გარემოებები დავადგინოთ და ვუთხრათ საზოგადოებას”, – განაცხადა კბილაშვილმა და საზოგადოებას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მოთმინებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, საზოგადოება 2005 წლის 3 თებერვლიდან ითმენს და კიდევ არის საჭრო დრო იმისათვის, რომ ეს თემა გამოძიებულად გამოცხადდეს. კბილაშვილი არ აკონკრეტებს, რა სახის სიახლეზეა საუბარი, არის თუ არა ეს ვიდეო მტკიცებულება და აცხადებს, რომ ყველაფერს ნათელი მალე მოეფინება.

კბილაშვილმა პრესკონფერენციაზე სხვა რეზონანსული საქმეების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის საქმის გამოძიება და შესაძლოა ამა წლის 26 მაისამდე ეს საქმე სრულად იქნას გამოძიებული და სიმართლე დადგინდეს.

მისივე თქმით, უკვე დასასრულს უახლოვდება სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიებაც და სავარაუდოდ ამა წლის მაისის თვეში მთავარი პროკურატურა თავის პოზიციას დააფიქსირებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

პროკურორის თქმით, გრძელდება გამოძიება ბუტა რობაქიძის საქმეზეც:


“ის ვიდეომასალა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ წარმოადგინა, ამჟამად უცხოეთშია ექსპერტიზაზე გაგზავნილი და იქიდან პასუხის მიღებისათვის გარკვეული დროა საჭირო”



კბილაშვილის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებითაც. საგამოძიებო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა ეწერში, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა და ამ საქმის გამოძიებასაც გარკვეული დრო ესაჭიროება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *