შსს-ს ცნობით, ბექა ხოფერიას გარდა, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე კიდევ სამი პირი –  დავით ეჯიბია, გიგა იობაშვილი და ერასტი  საბანაძე დააკავეს.

 

პოლიციის ინფორმავიით, დაკავებულებმა 2013 წლის 14 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ვაკე-საბურთალოს VII განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

“თამარაშვილის ქუჩაზე ათამდე ნასვამმა პიროვნებამ პოლიციელების  მისამართით  აგრესია გამოხატა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა ნასვამმა პიროვნებამ სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელმა კი ვითარების განმუხტვისა და თავდასხმის მოგერიების მიზნით  ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით მცირე ინტერვალით ჰაერში ორჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დაკავებულებს ბრალი სსსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების  აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შეგახსენებთ, რომ ხათუნა ხოფერიამ გუშინ განაცხადა, რომ მისი შვილი სასტიკად იყო ნაცემი:

“სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ პოლიციელს მოუვიდა ჩხუბი, რომელსაც შეესწრნენ ბექა და მისი მეგობრები და რომ ჩადგნენ შუაში, ამ დროს პოლიციის მხრიდან მოხდა ოთხი გასროლა. ესენი, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდნენ, არ იცოდნენ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები. ბექა არის საშინელი ნაცემი, ერთ–ერთი კიდევ იქ მყოფი არის საშინელი ნაცემი, სიტუაცია არის დაახლოებით ისეთივე, რაც მოხდა რობაქიძის დროს, უბრალოდ ჰაერში გასროლილი ტყვია არ მოხვდა ჩემს შვილს. ჩემს შვილს რომ ის ტყვია მოხვედროდა, გარწმუნებთ, მერე იქ დაყრიდნენ ავტომატებსაც, ყუმბარებსაც და ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა ამ სიტუაციისთვის. რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ ვიბრძოლო ბოლომდე იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს”, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *