საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, ბაქოს ცენტრალურ ქუჩებსა და ბულვარში მოხვედრა მოქალაქეებსაც არ შეუძლიათ.
15-დან 20 ივნისამდე “ფორმულა 1”-ის გრან-პრისთან დაკავშირებით ყველა სატრანსპორტო საშუალებებისთვის პრაქტიკულად ნახევარი ბაქო გადაიკეტა. ამასთან, ქალაქის მთავარი ბულვარი, რომელიც დედაქალაქის მაცხოვრებლების დასვენების ტრადიციული ადგილია, 15 ივნისიდან გადაკეტილია. იქ მოხვედრა მხოლოდ 20 ივნისს იქნება შესაძლებელი.
ბულვარში მოხვედრა მხოლოდ ღონისძიებაზე აკრედიტებულ ან ბილეთის მქონე პირებს შეეძლებათ.
იმის მიუხედავად, რომ ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტმა მანამდე განაცხადა, რომ ბაქოს მცხოვრებლებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ ქალაქში, ასევე ისარგებლონ მიწისზედა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებით, გადაადგილება მაინც შეზღუდულია. იმისთვის, რომ ქუჩა გადაკვეთო, რამდენიმე ასეული მეტრის გავლაა საჭირო. ბევრი მიწისქვეშა გადასასვლელი ქალაქის ბულვარს კვეთს და უბილეთოებისთვის იქ მოხვედრა აკრძალულია.
დღეიდან, 17 ივნისიდან ბაქოში “ფორმულა 1”-ის გრან-პრი იწყება და 3 დღეს გაგრძელდება. ეს მოვლენა აზერბაიჯანის დედაქალაქისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე, მარკეტინგული. თუმცა ნებისმიერი მასშტაბური ღონისძიება ბაქოში ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტის ფასად უჯდება. ამჯერადაც ასე მოხდა.