კომენტარი

ვინ იღებს და ვინ აფინანსებს უმაღლეს განათლებას საქართველოში

22 თებერვალი, 2016 • 4236
ვინ იღებს და ვინ აფინანსებს უმაღლეს განათლებას საქართველოში

საქართველოში არსებობს რამდენიმე მითი უმაღლესი განათლების შესახებ და ეს ბოლო დღეებში განათლების ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლის შესახებ დისკუსიამაც დაადასტურა. ერთი მითი არის ის, რომ “ყველა აბარებს უნივერსიტეტში”, რომ “ამდენი უმაღლესდამთავრებული ქვეყანას არ სჭირდება” და  “უმაღლესი განათლების სისტემამ იმდენი ადამიანი უნდა მოამზადოს მხოლოდ, რამდენზეც არსებობს მოთხოვნა შრომის ბაზარზე”.

სინამდვილეში საქართველოში ყოველწლიურად საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა დაახლოებით 60 პროცენტი რეგისტრირდება უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე და დაახლოებით 45 პროცენტი ხვდება რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი ახალგაზრდა საშუალო სკოლას არ ან ვერ ამთავრებს, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდების დაახლოებით 30-35 პროცენტი ხვდება უმაღლეს სასწავლებლებში.

გარდა ამისა, არ არსებობს შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი, რომელიც გვეტყვის, ზუსტად რამდენი უმაღლესდამთავრებული სჭირდება დღეს შრომის ბაზარს და რომელ სფეროებში. სხვადასხვა შრომითი ვაკანსიების ვებ-გვერდების ზედაპირული დათვალიერებითაც კი ჩანს, რომ დამსაქმებელთა აბსოლუტური უმრავლესობა უმეტეს შემთხვევაში უნივერსიტეტის დიპლომს ასახელებს დასაქმების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად.

ამასთან ერთად, ‘უმაღლეს განათლებაზე მოთხოვნა’ შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოთხოვნა შრომის ბაზრის მხრიდან. მაგრამ მოთხოვნა არსებობს ასევე აბიტურიენტების მხრიდანაც. თუ ბევრ ახალგაზრდას უნდა უმაღლესი განათლების მიღება, თანაც ისეთი პოპულარული სპეციალობებით, როგორიც არის საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება და ა.შ., ცხადია, უმაღლესი სასწავლებლები ცდილობენ, მათ ამ მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები შესთავაზონ.       

მეორე მითი არის ის, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრს ხარჯავს უმაღლეს განათლებაზე და უმჯობესია, ეს დაფინანსება გადანაწილდეს, მაგალითად, პროფესიულ განათლებაზე. ეს მოსაზრება გამოხატა პრემიერ-მინისტრმაც, როცა განაცხადა: „რამდენადაც არ უნდა მეთანხმებოდეს ვინმე, ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობა ხარჯავს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს იმისათვის, რომ ყოველწლიურად გამოვუშვათ უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდების ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება, რომ სრულად ვერ საქმდებოდეს. სულ ბოლო მონაცემებით, რომელიც მე მაქვს განათლების სამინისტროდან, უმაღლეს სასწავლებელდამთავრებული ადამიანების დასაქმების განაკვეთი 40%-ზე ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ 60%-მა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ან მთავრობამ დაუფინანსა განათლება, ან თანადაფინანსება გაწია მათ მიერ გასაწევი ხარჯის, დაასრულეს ეს განათლება და ვერ დასაქმდნენ. მეტსაც ვიტყვი. ის 40%, რომლებიც საქმდებიან, ყოველთვის არ საქმდებიან იმ პროფილით, რომელსაც 4 წლის განმავლობაში სწავლობდნენ. ეს შესაცვლელია“.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სტუდენტთა აბსოლუტური უმრავლესობის დაფინანსებაში სახელმწიფოს არანაირი ფინანსური წვლილი არ შეაქვს. ბოლო წლების მონაცემებით სახელმწიფო გრანტს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების მხოლოდ ერთი მეოთხედი იღებს. აქედან ე.წ. ასპროცენტიან გრანტს კი – მხოლოდ 4 %. ამას ემატება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ე.წ. უფასო მიმართულებები. იმდენად, რამდენადაც მიმდინარე ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ფაქტიურად მხოლოდ გრანტების სახით იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტისგან, მათი შემოსავლის უმთავრეს წყაროს სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური წარმოადგენს. ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების საერთო ბიუჯეტის დაახლოებით 70 %-ს სტუდენტები და მათი ოჯახები აფინანსებენ სწავლის გადასახადის სახით, დანარჩენ 30%-ს კი სახელმწიფო ფარავს (სხვა წყაროებიდან დაფინანსება საქართველოში მინიმალურია). შედარებისთვის, განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები საპირისპიროდ ნაწილდება: უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტის 70 % სახელმწიფო სახსრებით ფინანსდება, 30 % კი, სხვადასხვა კერძო წყაროებიდან.

განვითარებული ქვეყნებისგან ძალიან განსხვავდება საქართველო უმაღლესი განათლების სწავლების გადასახადის მოცულობითაც. ამჟამად სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში პროგრამების უმრავლესობაზე სწავლების გადასახადი წლიურად 2250 ლარით განისაზღვრება. ეს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს დაახლოებით 30 პროცენტს წარმოადგენს. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლების გადასახადს საერთოდ არ იხდიან. ხოლო სადაც არსებობს გადასახადი, ის საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს 10 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს. რადიკალურად ლიბერალური ეკონომიკური მოდელის ქვეყნებშიც კი, როგორიც არის ჩილე და სამხრეთ კორეა, ეს მაჩვენებელი საქართველოზე ნაკლებია.   

დაბოლოს, თუ მთლიანად დაფინანსების მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოში უმაღლესი განათლების და უნივერსიტეტებში წარმოებული კვლევების დაფინანსებაზე სახელმწიფო მშპ-ს დაახლოებით 0.4 პროცენტია გამოყოფილი. განვითარებული ქვეყნები კი ამ სფეროზე მშპ-ს 1.1 პროცენტს ხარჯავენ საშუალოდ.  

შესაბამისად, მიუხედავად პოპულარული მოსაზრებისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეალურად ძალიან ცოტა თანხას ხარჯავს უმაღლეს განათლებაზე და მის განვითარებაზე. უნივერსიტეტების ხარჯების უდიდეს ნაწილს სტუდენტები და მათი მშობლები ფარავენ სწავლების გადასახადის სახით, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ დოვლათთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია. ის, რომ სახელმწიფო ხარჯავს დიდ ეკონომიკურ რესურსს სტუდენტების მოსამზადებლად იმ სპეციალობებში, რომლებიც არავის სჭირდება, არ შეესაბამება სიმართლეს. სტუდენტები, უმეტეს შემთხვევაში, თავად ფარავენ საკუთარი სწავლის ხარჯებს და ირჩევენ იმ სპეციალობებს, რომლებიც მათ მიაჩნიათ საინტერესოდ ან მომგებიანად.


ავტორის შესახებ: 

ლელა ჩახაია არის ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდში.

ლელა ჩახაია, ფოტო: პირადი არქივი

ლელა ჩახაია, ფოტო: პირადი არქივი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი