ახალი ამბები

წულუკიანი: საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურული დარღვევების კასკადია უგულავას საქმეზე

22 სექტემბერი, 2015 • • 2172
წულუკიანი: საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურული დარღვევების კასკადია უგულავას საქმეზე

“სასამართლო გადაწყვეტილების ხელმოწერა ხდება არა საავადმყოფოში, ან რომელიმე ეზოს რომელიმე კუთხეში, არამედ სათათბირო დარბაზში. პაპუაშვილს, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეს, ჰქონდა და აქვს ვალდებულება პატივი სცეს საკუთარი სასამართლოს მოსამართლეებს.

 

გიორგი პაპუაშვილს შევახსენებ, რომ საქართველოში არსებობს საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, რომელშიც მისი გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ არის და კასკადია პროცედურული დარღვევების ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხდარი და არა მხოლოდ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, ამ საქმეში მისთვის სწორედ ეს საკითხია პრიორიტეტული და არა მოსამართლეების სახლებთან აქციები, რასაც ადგილი აქვს ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და რაც, საკონსტიტიციო სასამართლოს შეფასებით, არის მოსამართლეებზე ზეწოლა, რაზეც სათანადო რეაგირებას არ ახდენს პოლიცია.  

 

“რა თქმა უნდა, მოსამართლეები უნდა იყვნენ დაცულნი, მაგრამ მოქალაქეს აქვს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

 

საკონსტიტიციო სასამართლომ 2015 წლის 16 სექტემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე “გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რის შედეგად უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელს არ აწერს პლენუმის წევრი მოსამართლე მერაბ ტურავა. ტურავას მოსამართლეებმა საავადმყოფოშიც მიაკითხეს გადაწყვეტილებაზე ხელმოსაწერად, რაზეც მან უარი განაცხადა და მოითხოვა რამდენიმედღიანი ვადა, რასაც არ დაელოდა სასამართლო და აგდაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ ტურავას მიმართ დისციპლინური მოკვლევა დაიწყო და დაადგინა მისი მხრიდან სამართალდარღვევა.

 

ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მოსამართლეებთან მოქალაქეების ჯგუფი პერმანენტულ აქციებს მართავს. საკონსტიტუციო სასამართლომ სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მიხედვით, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას. ამ კანონის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გარდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

თეა წულუკიანი; ფოტო: ნეტგაზეთი
თეა წულუკიანი; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი