“დაიცავით გონება რუსეთის ჩარევისგან” – დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფორუმი გაიმართა

დეზინფორმაციაზე, როგორც დემოკრატიისთვის გლობალურ საფრთხეზე, იმჯელეს დღეს, 13 თებერვალს,  სამოქალაქო განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტისა (CDRI) და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის (EGI) ორგანიზებით, თბილისში გამართულ ფორუმზე “აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ქვეყნები დეზინფორმაციის წინააღმდეგ”.

ღონისძიება მიეძღვნა უსაფრთხოების საკითხებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და თანამედროვე მედიაგარემოს გამოწვევებთან გამკლავებას და ამ მიმართულებით ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასაც ისახავდა მიზნად.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა.

“რუსეთს ახლა არ ძალუძს კონვენციური ომის მოგება, ამიტომ ჰიბრიდულ ომზე ახდენს ფოკუსირებას, ძირს უთხრის ლიბერალურ ფასეულობებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არა მხოლოდ უკრაინა, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ვიშეგრადის ქვეყნები, არამედ ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება არის დარტყმის ქვეშ. არა მხოლოდ უკრაინა, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, არამედ ყველა”, – განაცხადა ელჩმა და ამის მაგალითად დაასახელა რუსეთის ჩარევა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საარჩევნო პროცესებსა და რეფერენდუმში.

დოლგოვის თქმით, რუსეთმა დაახლოებით 7 000 კიბერშეტევა განახორციელა უკრაინის სამთავრობო სტრუქტურებზე და კიდევ გააგრძელებს და გაზრდის ასეთი თავდასხმების რიცხვს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში არჩევნებისას. საპასუხოდ, დიპლომატის თქმით, უკრაინამ სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო მოხელეებს, კრემლთან აფილირებული მედიასაშულებების წარმომადგენლებს, დაბლოკა რუსული სოციალური ქსელები და რუსულ არხებზეც მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს მიუწვდება ხელი.

მისი თქმით, კრემლი ცდილობს პარალელური რეალობის შექმნას თავისი აგრესიის გასამართლებლად და ეს ყველაფერი მას ჯორჯ ორუელის “1984”-ის სცენარს აგონებს.

უკრაინელმა დიპლომატმა ისაუბრა რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია იმ იდეოლოგიისა და პოლიტიკისა, რომელსაც ვლადიმერ სურკოვის მიხედვით უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ პუტინიზმი.

“პუტიზმი ძალიან სახიფათოა. სურკოვი თავის სტატიაში წერს: “უცხოელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი ერევა არჩევნებში საზღვრებს გარეთ. რელურად საქმე უფრო სერიოზულადაა: რუსეთი იჭრება მათ გონებაში, არა არჩევნებში”. ასე რომ, ინფორმირებული იყავით ამის შესახებ და დაიცავით თქვენი გონება”, – თქვა უკრაინის ელჩმა საქართველოში.

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთი ერთი ნაბიჯით უკანაა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

“ნატო და ევროკავშირი ცდილობენ, დაუპირისპირდნენ რუსეთისგან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეს, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი აზრით, ჩვენ, მთელი ცივილიზებული სამყარო, ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით რუსეთთან შედარებით. მათ კარგად იციან მანიპულირება დემოკრატიით და ის, თუ როგორ შეუძლიათ დემოკრატიის გამოყენება თავიანთი არადემოკრატიული მიზნების გასავრცელებლად”, – აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.

მისი თქმით, დასავლეთმა რამდენიმე წლით დააგვიანა, რუსეთისგან მომავალი საფრთხე რომ გაეცნობიერებინა  – მაგალითად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საქართველოს განიხილავდა “პრობლემების შემქმნელ პატარა სახელმწიფოდ, გიჟი პრეზიდენტით”, ხოლო რუსეთს – პარტნიორად;

“რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის ბევრ ქვეყანას რუსეთის პროპაგანდის ხსენების პრობლემა ჰქონდათ და ამბობდნენ “ანტიდასავლური პროპაგანდა”. დიდი დრო დაგვჭირდა საფრთხის რეალურად გასაცნობიერებლად, დაგვიანებით დავიწყეთ რეაგირება და კიდევ წლები დასჭირდება სტრატეგიული კომუნიკაციების ინსტრუმენტების დახვეწას. ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქტიურები და არა მხოლოდ რეაქტიულები, როცა საქმე  რუსულ დეზინფორმაციას ეხება”, – განაცხადა ბოლქვაძემ.


2018 წელს საგარეო პოლიტიკის საბჭომ „უკრაინული პრიზმა“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 14 ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და უკრაინა), ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ჩატარებული სამუშაოს შედეგად “რუსული დეზინფორმაციის მდგრადობის ინდექსი” შეიმუშავა.

ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები რუსეთისთვის თავისი ახალი პროპაგანდისტული მეთოდების საცდელი ველია. აღმოსავლეთ პარტნიორობის, ბალტიისპირეთისა და ვიშეგრადის ქვეყნები რუსეთისთვის მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ.

კვლევის თანახმად, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კრემლის მიერ წარმოებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდისადმი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან:

  • უფროსი თაობის წარმომადგენლები და ეროვნული უმცირესობები;
  • მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური მრევლი:
  • ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მიმდივრები, რომელთა გამოვლენას და კონსოლიდაციასაც კრემლი წარმატებით ახერხებს;

ანგარიში ასევე მიუთითებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, ეფექტური სახელმწიფო სტრატეგიების არარსებობაზე ყალბი ცნობების გავრცელებსთან საბრძოლველად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.