უკანონო შემოწირულობის მიღებისთვის აუდიტი ზურაბიშვილის 67 ათასით დაჯარიმებას ითხოვს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას არაერთგზის მიიღო უკანონო შემოწირულობა, რის გამოც მის დაჯარიმებას 67 520 ლარით ითხოვს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლოში უშალოდ სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმების მოთხოვნით გადაგზავნილია სამართალდარღვევის სამი ოქმი:

  1. ერთი ოქმი ეხება მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ თელავის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის და თბილისის თეატრების ფართის დაქირავებას. ამ ორგანიზაციამ ფართის დაქირავებისთვის 16 400 ლარი დახარჯა. აუდიტის სამსახური ამის გამო შემოწირულების მიმღების – სალომე ზურაბიშვილის – დაჯარიმებას ითხოვს ამ თანხის ორმაგი ოდენობით, რაც 32 800 ლარს შეადგენს;
  2. სალომე ზურაბიშვილს დაჯარიმებას აუდიტის სამსახური კიდევ ერთ საქმეზე 18 400 ლარით ითხოვს.  საქმე ეხება მოძრაობის – “არა ნაციზმს” – მიერ რეგიონებში ხალხის ტრანსპორტირებისთვის დახარჯულ 9 200 ლარს. შესაბამისად, ჯარიმის სახით ამ თანხის ორმაგი ოდენობაა განსაზღვრული;
  3. მესამე საქმე ასევე “არა ნაციზმსა” და ამ ორგანიზაციის მიერ თბილისში, რუსთაველის გამზირის N34-ში ნაქირავები ოფისის დაქირავებისთვის დახარჯულ 8 160 ლარს ეხება. სხვა შემთხვევის მსგავსად, აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის დაჯარიმებას მოითხოვს ამ თანხის ორმაგი ოდენობით – 16 320 ლარით.

აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაწეული ხარჯისთვის ითხოვს “ქართული ოცნების” დაჯარიმებას. საქმის მასალების მიხედვით, მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილის სასარგებლოდ ფეისბუკ პოსტებით აგიტაციისთვის 99 585 ლარი დახარჯა. აუდიტის სამსახურმა აღნიშნულიც უკანონო შემოწირულობად მიიჩნია და პარტიის დაჯარიმებას თანხის ორმაგი ოდენობით – 199 170 ლარით ითხოვს.

სალომე ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირულობის გაწევისთვის უკვე დააჯარიმეს “პატრიოტთა ალიანსი”. როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, “პატრიოტთა ალიანსმა” 15 295 ლარად დაბეჭდა ზურაბიშვილის მხარდამჭერი სააგიტაციო ბროშურები. შესაბამისად, პარტია დაჯარიმდა 30 590 ლარით.

როგორც აუდიტის სამსახური წერს, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციების – “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და “სამართლიანი არჩევნების” – საჩივრების, ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე.

როგორც აუდიტის სამსახური აცხადებს, ორგანიზაციის – “არა ნაციზმს” – მიერ არჩევნებზე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხალხის ტრანსპორტირების საქმეზე სხვა პირებთან ერთად გამოკითხეს ნანა კაკაბაძეც.

არჩევნების პერიოდში ნანა კაკაბაძის ოფისში მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა “რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც კაკაბაძესთან სწორედ ამ საკითხების გასარკვევად იყო მისული.

მაშინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დროულად გამოეძიათ თავდასხმის საქმე. ქარტიამ ინციდენტი პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლად შეაფასა.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია სამი მუხლით: ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების და სხვის ტერიტორიაზე შეჭრის მუხლებით. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რა შედეგი მოჰყვა გამოძიებას.

აუდიტის სამსახურის ანგარიში სრულად ნახეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან