იაგო ნებიერიძემ დაასახელა 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის ცხედრის ადგილსამყოფელი – რ2 და IPN

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ გატაცებული 11 წლის ბიჭის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა, სამძებრო ოპერაცია კი ქალაქში ამ წუთებში მიმდინარეობს – ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი2” და საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ სამძებრო ღონისძიებები გორში, დასვენების პარკის მიმდებარედ ტარდება, ტერიტორია კი სპეციალური დროშებითაა შემოსაზღვრული.

“ნეტგაზეთი” ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას.

გორში 9 წლის გოგონას ცხედარი 25 ოქტომბერს იპოვეს. მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, სახეზე კი პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული. მეორე დღეს, 26 ოქტომბერს შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა 34 წლის ეჭვმიტანილი, იაგო ნებიერიძე. მის მიმართ გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რასაც შემდგომ გარყვნილი ქმედების ბრალდებაც დაემატა.

მისი დაკავების შემდეგ რამდენიმე მედიასაშუალებამ დაწერა ნებიერიძის წარსულზე. მათ შორის იყო Qartli.ge-ც. გამოცემა აღნიშნულ პირს 14 წლის წინ გაუჩინარებულ სწორედ იმ მოზარდს უკავშირებს, რომლის ცხედრის სამძებრო სამუშაოებიც ახლა მიმდინარეობს. Qartli.ge დაუკავშირდა 11 წლის მოზარდის დედასაც, რომელმაც განმარტა, რომ ოჯახი ბიჭის გაუჩინარებას სწორედ ამ პირს უკავშირებდა.

“ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პირი სწორედ ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემს შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა, თუმცა სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე“ ,- აცხადებდა გაუჩინარებული ბავშვის დედა.

რა ვიცით 9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან