სუს–მა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავა

დღეს, 24 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

სუს–ის ცნობით, თვალავაძე ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებითაა დაკავებული.

როგორც უწყების წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თვალავაძესთან ერთად კიდევ 5 მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ცნობით, თბილისსა და გორში მდებარე 15 აფთიაქში ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია უკანონოდ ხდებოდა, რაზეც რეგულირების სააგენტოს უფროსი რეაგირებას არ ახდენდა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯამში, პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, საერთო ჯამში, შეადგინა 4 094 709 ლარი”, – აღნიშნავს უწყება.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან