ახალი ამბები

გოგი თათუხაშვილი შვილის გარდაცვალების გამო მთავრობას აკისრებს პასუხისმგებლობას

24 მარტი, 2014 • • 2799
გოგი თათუხაშვილი შვილის გარდაცვალების გამო მთავრობას აკისრებს პასუხისმგებლობას

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, შალვა თათუხაშვილის მიმართ პროკურატურის მხრიდან ზეწოლასა და დევნაზე მისი ოჯახი ერთი თვის წინ ალაპარაკდა ღიად.

 

 

თებერვალში გოგი თათუხაშვილმა ფეისბუქზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა ამის თაობაზე:

 

“საქართველოს ვაი-მთავრობასა და პროკურატურას, მოგმართავთ მესამედ! მეოთხე დღეა თქვენგან ველოდები პასუხს, ამაოდ! თქვენ ბევრჯერ გყავდათ სხვადასხვა შეთითხნილ საქმეებზე დაბარებული ჩემი ოჯახის წევრები, მაგრამ საჯარო განცხადებები არ გამიკეთებია. შეგახსენებთ ბოლოს წინა გამოძახებას:

 

თქვენი დავალებით, ვიღაც აცხადებდა ტელევიზიითა და პრესით, რომ მას სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა გენერალ გოგი თათუხაშვილის შვილმა, შალვა თათუხაშვილმა. მცხეთის პოლიციამ გამოიძახა შალვა. ,,დაზარალებულმა,, ამოცნობაზე შესვლამდე შალვას სიტყვიერი აღწერილობა გააკეთა. ეს იყო სრული კონტრასტი შალვას გარეგნობისა. (ორმეტრიანი, მოკრივის გატეხილი ცხვირით, შავგვრემანი და ა.შ.) პირდაპირ ამოცნობაზე კი, ხუთი კაციდან ვერავის დაადო ხელი და განაცხადა, რომ აქ გოგი თათუხაშვილის შვილი არ იმყოფება. ამით დასრულდა თქვენი ბოლოსწინა ,,დაგეგმილი საქმე,, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ.
თქვენი ბოლო ქმედება მეტისმეტად აჭარბებს კაცობის, კანონის, ადამიანურობის ყველა ნორმებს, რამაც მაიძულა საჯარო განცხადებები მეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ გთხოვეთ, ნუ ემუქრებით ჩემი ოჯახის წევრებს, პროკურატურის თანამშრომლები მაინც აგრძელებთ მსგავს ქმედებებს. 

 

ამჯერად თქვენი სამიზნე ჩემი მეორე ვაჟი მიხეილ თათუხაშვილია. ემუქრებით მას და მის ოჯახს გატაცებით და სიკვდილით. უკანონოდ რამდენჯერმე დაიკითხა. ბოლო დაკითხვა პროკურატურის თანამშრომლებმა ჩაატარეთ სამინისტროში, ჩიტაძეზე, გუშინწინ ღამე, შალვას გატაცების შემდეგ. დაკითხვა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზეწოლითა და მუქარებით. მიშას მოთხოვეთ პატაკის დაწერა და სამსახურიდან წასვლა ოჯახსა და შვილებზე მუქარით. 

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კაპიტანი მიხეილ თათუხაშვილი არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი კრივში. დამთავრებული აქვს სნაიპერთა, სამთო, ჟანდარმერიისა და საინჟინრო-მესანგრეთა კურსები. არის ომის ვეტერანი და ორი შვილის მამა, ისევე, როგორც შალვა თათუხაშვილი. რადგანაც ის იყო ჩემი შვილი, წლების მანძილზე მსახურობდა ოფიცრისათვის ყველაზე პატარა თანამდებობაზე-ცვლის უფროსად, მოთმინებით და უსაყვედუროდ. დაწინაურებაზე ლაპარაკი ზედმეტია. არც მე მქონდა პროტესტის გრძნობა, რადგანაც შინაგანი ჯარების დაშლის შემდეგ ზუსტად იგივე თანამდებობაზე მსახურობდა ჩემი თანამებრძოლი და ბრიგადის მეთაური, სადაზვერვო ასეულის მეთაურის თანამდებობაზე ნამსახური ავღანეთში, ,,წითელი ვარსკვლავის,, მფლობელი, პოლკოვნიკი მამუკა ბერელიძე. ის იყო პერიფერიის მუზეუმში ცვლის უფროსი!. . .

 

მოვითხოვ დამიკავშირდეთ საჯაროდ, ტელეფონით მაინც მითხარით, რას მოითხოვთ ჩემგან. მე მზად ვარ გავცე ნებისმიერ კითხვას პასუხი საჯაროდ, თქვენგან განსხვავებით. ასევე ჩემი ,,ფეისბუკის,, ,,კედელი,, ღიაა.

 

მე ვამაყობ ჩემი გავლილი ცხოვრებით, ვამაყობ ჩემი თანამებრძოლებით, ვამაყობ ჩემი შვილებით! არ ვნანობ, რომ შვილები აღვზარდე საქართველოს პატრიოტებად და მებრძოლებად. ჩემი შვილები 2003 წელს, რევოლუციის დროს გვერდით მედგნენ. რევოლუციის შემდეგ ჩემი შვილები სხვათა მსგავსად არ ,,დაჯილდოებულან,, თანამდებობებით, არამედ წავიდნენ ჩვეულებრივ ჯარში ჯარისკაცებად, რათა მოეხადათ სამხედრო ვალი. მათ სამხედრო ბილეთები არ მიუღიათ ,,რეზერვისტთა შეკრებებით,, როგორც მაშინ იყო მიღებული…

 

იბრძოდნენ 2004-ში, 2008-ში…

 

მთელი ცხოვრება ვიბრძოდი საქართველოს მთლიანობისა და სიძლიერისათვის, მიუხედავად ძალადობისა და რეპრესიებისა, თქვენ მე და ჩემს ოჯახს ვერ გაგვტეხავთ და ბრძოლაზე უარს ვერ გვათქმევინებთ. 

 

P.S. მადლობას გიხდით, რომ ამ დრომდე ჩემს ოჯახში ნარკოტიკები, შეიარაღება ან ,,წყალქვეშა ნავი,, არ ,,გიპოვიათ,,. . .
ცნობისათვის მინდა გითხრათ, საზღვარგარეთ წამოსასვლელად, რაც მქონდა იარაღი მიზერულ ფასებში გავყიდე და ბანკიდან აღებული სესხი 4000 ლარი დავამატე…”

მასალების გადაბეჭდვის წესი